ახალი ამბები

აშშ-ის კონგრესის მხარდამჭერი აქტი საქართველოს

24 მაისი, 2019 • 1660
აშშ-ის კონგრესის მხარდამჭერი აქტი საქართველოს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი დაამტკიცა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ეს ფაქტი  საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია.

საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა, ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) და ადამ კინზინგერმა (რესპუბლიკელი), 2019 წლის 16 იანვარს წარადგინეს. კანონპროექტს ამ ეტაპზე 23 თანასპონსორი ჰყავ, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიებიდან.

“ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და  რუსეთის მიერ  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა  დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, ამ მიმართულებით კი სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად, საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით, კონგრესი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით’, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით კანონპროექტი ეხმიანება  „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას, მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.

“კონგრესი  აშშ-ში შესვლის აკრძალვისა და ფინანასური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს აშშ-ის პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას.

კანონპროექტით, აშშ-ის კონგრესი მხარდაჭერას უცხადებს  საქართველოს ევროატლანტიკურ და ევროპულ ინტეგრაციას და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით  გამოდის.

კერძოდ, საკანონმდებლო აქტით კონგრესი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, შესაბამის უწყებებთან ერთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში გაწეული დახმარების, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების შეფასების ანგარიში და ამ მიმართულებით მომავალი ხუთი წლის სტრატეგია წარადგინოს. კანონპროექტში ხაზგასმულია, რომ  აღნიშნული ემსახურება საქართველოს უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესებასა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და აშშ-ს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება. კანონპროექტი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას  ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ რუსეთის დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან ბრძოლაში საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით”.

როგორც შემდგომ ნაბიჯს, საკანონმდებლო აქტის პროექტს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სხვა, შესაბამისი კომიტეტების დამტკიცების შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პლენარულ სესიაზე განიხილავენ და მასზე დამტკიცების შემთხვევაში აშშ-ის სენატს გაეგზავნება. აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის დამტკიცების შემთხვევაში კი, ის გაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რომლის შემდგომაც აქტი კანონის ძალას შეიძენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი