ახალი ამბები

მაღაროელები კომპანიას ჭიათურაში მანგანუმის გადაზიდვის საშუალებას არ აძლევენ

24 მაისი, 2019 • 1938
მაღაროელები კომპანიას ჭიათურაში მანგანუმის გადაზიდვის საშუალებას არ აძლევენ

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები “ჯორჯიან მანგანეზსა” და კოოპერატივებს ქალაქში მანგანუმის გადაზიდვის საშუალებას არ აძლევენ. მათი თქმით, გადაკეტეს მდინარე ყვირილადან გამოყვანილი წყალი, რითაც ქარხნებში მანგანუმი უნდა გაირეცხოს.

მათი ერთ-ერთი მოთხოვნა, ხელფასების ზრდასთან ერთად, მანგანუმის არა სატვირთო მანქანებით, არამედ რკინიგზით გადაზიდვაა, რადგან, მათი თქმით, სატვირთოები თან ქუჩებს აზიანებს, თან ჰაერს აბინძურებს.

“ქალაქის ქუჩებიდან გადაჰქონდათ მუდმივად მანგანუმი, ახლა კი, ერთი კვირაა, პარალიზებულია. ჩაკეტილი გვაქვს გზები, მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ ვაძლევთ და შედარება არ შეიძლება მაშინდელი ჰაერის და მტვრის ახლანდელთან”, – ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე ნეტგაზეთთან საუბრისას. ჭიათურაში 3 200-მდე ადამიანია გაფიცული, მათგან 15 შიმშილობს. სულ მცირე, ერთმა მათგანმა უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა.

გაფიცულების თანახმად, ისინი ამჟამად 18 სხვადასხვა ადგილზე არიან მობილიზებული და კომპანიასა და კოოპერატივებს არ აძლევენ მანგანუმის გადატანის საშუალებას.

ამასთან, მაღაროელების თქმით, მანგანუმის გასარეცხ ქარხანა “ცოფს” ე.წ ტექნიკური წყალი გადაუკეტეს.

“რაც შეეხება წყალს – სასმელი წყალი არავის გადაუკეტავს, წყალი გადავუკეტეთ ქარხანას, სადაც რეცხავენ მანგანუმს და სადაც უნდათ ღამით მალულად გაიტანონ, მაგრამ ამას ვერ იზამენ”, – უთხრა ნეტგაზეთს ერთ-ერთმა მოშიმშილემ.

“ვიბრძოლებთ ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი შვილებისათვის. ხალხმა გამოიღვიძა. მიხვდნენ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – ამბობს ის.

ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზში“ ე.წ. ვახტურ რეჟიმზე მომუშავე დასაქმებული მაღაროელები 15 მაისს გაიფიცნენ.

24 მაისს გაფიცულებმა ჭიათურის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და თანამოქალაქეებს მოუწოდეს, შეერთებოდნენ აქციას. აქციაზე ამჟამად იმყოფება ბაღებისა და სკოლების პედაგოგების ნაწილი.

გაფიცვის თავდაპირველი მოთხოვნა აღნიშნულ საცხოვრებელში საკვების ხარისხის გამოსწორება იყო. თუმცა მალევე, მას შემდეგ, რაც გაფიცულებს სხვა თანამშრომლებიც შეუერთდნენ, მოთხოვნები შეიცვალა: ახლა გაფიცულების მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით გაზრდაა.

ისინი ითხოვენ:

  1. სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას;
  2. მძიმე სატვირთო მანქანების ქალაქში გადაადგილების აკრძალვას;
  3. გარანტიებს, რომ შეთანხმების შემდეგ გაფიცულების მიმართ კომპანია დისციპლინარულ ღონისძიებებს არ გაატარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი