ახალი ამბები

რა საფრთხე ემუქრება თბილისში აღმოჩენილ წითელი ნუსხით დაცულ წავებს

24 მაისი, 2019 • 2138
რა საფრთხე ემუქრება თბილისში აღმოჩენილ წითელი ნუსხით დაცულ წავებს

თბილისში, მდინარე მტკვართან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა წითელ ნუსხაში შეტანილი  წავების საბინადრო, მათ შორის, მათი ლეკვები იპოვეს. მკვლევრები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერია, ერთ-ერთი გეგმის მიხედვით, აქ პარკს მოაწყობს, ისედაც გადაშენების პირას მყოფი წავების კიდევ ერთი საცხოვრებელი განადგურდება.

მერიაში ამბობენ, რომ ამ ადგილზე ჯერჯერობით არ იგეგმება ინფრასტურქტურის მოწყობა. თუმცა მკვლევრები განმარტავენ, რომ წავებისა და მათი საარსებო გარემოს შესანარჩუნებლად ე.წ. ველური ბუნების მოწყობაა საჭირო.

ნეტგაზეთი ბრაკონიერებისგან დასაცავად მიზანმიმართულად არ ასახელებს იმ ადგილს, სადაც მკვლევრებმა წავები იპოვეს. 

წავები თბილისში

წავები თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომლებმაც ტერიტორიის შესწავლა შემოდგომაზე დაიწყეს.

ერთ-ერთი მკვლევრის თქმით, მას და ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის სხვა წარმომადგენლებს ამ ტერიტორიაზე წავები ადრეც ჰყავდათ შემჩნეული. სწორედ ამიტომ,  გადაწყვიტეს გამოეკვლიათ, იყო თუ არა ეს ადგილი ცხოველებისთვის მუდმივი საბინადრო.

“წავებს რაც შეეხებათ, მტკვრის შემოგარენში ისინი ცხოველებით დაინტერესებულ ადამიანებს ხშირად შეუმჩნევიათ. წავებს სპეციფიკური, ფართო ტერიტორია სჭირდებათ საარსებოდ, ამასთანავე, ისინი წყალთან არიან დაკავშირებულნი, ვინაიდან იკვებებიან თევზით. წავი მინდვრებში არ ბინადრობს და ცდილობს, ისეთი ადგილი მოძებნოს, სადაც მდინარესთან მარტივი მისასვლელი ექნება.

ეს წავები ადრეც დაუფიქსირებიათ ამ ტერიტორიაზე, ჩვენ კი გვინდოდა გაგვეგო, რამდენი წავია აქ, რამდენი წყვილი ბინადრობს და ა.შ. ჩვენ ორი ასეთი ადგილი ვნახეთ თბილისში, ერთი მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაა, ხოლო მეორე, მდინარე ვერეს შესართავთან. სამწუხაროდ, როდესაც მდინარე ვერესთან მკვლევრები ჩავიდნენ, იქ ცოცხალი წავის ნაცვლად მოკლული წავი დაგვხვდა”,- ამბობს მკვლევარი ნეტგაზეთთან საუბარში და განმარტავს, რომ წავები ღამის ცხოველები არიან და ისინი საკვების მოსაპოვებლად ღამით გამოდიან, შესაბამისად, ცხოველებზე დაკვირვება რთულია.

მკვლევარი გვიყვება, რომ წავებზე დასაკვირვებლად სპეციალური მოწყობილობა – ფოტოხაფანგები გამოიყენეს. ეს მოწყობილობა სპეციალისტებმა ტერიტორიაზე მას შემდეგ მოათავსეს, რაც დარწმუნდნენ, რომ ადგილზე ცხოველების არსებობის ნიშნები მართლაც იყო.

რაც შეეხება ფოტოხაფანგით დაკვირვების მეთოდს, ის ცხოველისთვის უვნებელია და, შესაბამისად, ცხოველი მას მალე ეჩვევა.

“როდესაც ცხოველებს აკვირდები, მნიშვნელოვანია გაითვალისწინო ორი მნიშვნელოვანი გარემოება: უნდა ვიცოდეთ, ეს ცხოველი ამ ტერიტორიაზე “გავლით” მოხვდა თუ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ამ შემთხვევაში, კამერები ჩვენ აქ შემოდგომიდან დავაყენეთ. ჩვენ რომ წავი 1-2-ჯერ დაგვეფიქსირებინა, ვიფიქრებდით, რომ ცხოველი აქ უბრალოდ მოძრაობს. მაგრამ წავები ჩვენი კამერების წინ თითქმის ყოველდღე ფიქსირდებოდნენ. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ წავები სწორედ ამ ადგილს იყენებდნენ და შესაძლოა ბუნაგიც ჰქონოდათ აქ.

ჩვენი ეს მოსაზრება მართლაც დადასტურდა. კერძოდ, თუ ჩვენ ზამთრის განმავლობაში მხოლოდ ზრდასრული წავები ხან მარტო, ხან კი წყვილად მოძრაობდნენ, გაზაფხულზე ჩვენ პატარა წავები, მათი ნაშიერები, შეიძლება ითქვას, ლეკვებიც დავინახეთ.

ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ეს ადგილი და შემოგარენი წავებისთვის გასამრავლებელ ადგილად გამოიყენება”.

მკვლევარი ასევე დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ადგილას თუნდაც საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა, წავები აქედანაც გადაშენდებიან. მისი თქმით, საფრთხეს წარმოადგენენ სხვა ცხოველებიც, მაგალითად, ძაღლები და კატები. თუ საფეხმავლო ბილიკები მოეწყობა და ადგილზე სხვა ცხოველებიც მივლენ, წავებს მათი შეეშინდებათ და ადგილს დატოვებენ.

“ეს ადგილი მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ამ ადგილს მოზამთრე ფრინველები შესასვენებელ ტერიტორიად იყენებენ. ასევე, აქვე ბინადრობენ მობუდარი ფრინველებიც. ჯერჯერობით არ ვიცით, არიან თუ არა აქ წითელ ნუსხაში შეყვანილი ფრინველები, ვინაიდან ისინი თბილი ქვეყნიდან სულ ცოტა ხნის წინ, გაზაფხულზე დაბრუნდნენ და ახლა მათზე დაკვირვების უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს”.

მკვლევარი გვიყვება, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია მერიასთან და თავისი მოსაზრებები უწყებას უკვე გაუზიარა.

მერიაში კი ნეტგაზეთს მოკლე პასუხი გასცეს:

პროექტის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე არ მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და სხვა ინფრასტრუქტურა, უცვლელად იქნება შენარჩუნებული ჰაბიტატები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით,  “წითელ ნუსხით” დაცულ ცხოველებზე ნადირობა 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი