ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანული მედია: დავითგარეჯის ტერიტორიაზე ძეგლების კონსერვაცია იგეგმება

24 მაისი, 2019 • 2859
აზერბაიჯანული მედია: დავითგარეჯის ტერიტორიაზე ძეგლების კონსერვაცია იგეგმება

სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა “Azerbarpa” სახელმწიფო ისტორიულ-კულტურული ნაკრძალი “ქეშიკჩიდაგი” [დავითგარეჯი] მოინახულა. როგორც აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოცემა ONA წერს, ნაკრძალის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ინსტიტუტის დირექტორი ტელმან ქერიმლი.

ქერიმლი ამბობს, რომ “ქეშიკჩიდაგის” ტერიტორიაზე მნახველებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

“ამჟამად მშენებლობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნაკრძალის ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს მუდმივი სამუშაო ადგილი ჰქონდეთ ნაკრძალის ტერიტორიაზე. ასევე, გარემონტდება გზები. აქ არსებული ისტორიული ძეგლების კონსერვაცია მოხდება, გაძლიერდება დაცვა”, – ამბობს ქერიმლი.

23 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ დავითგარეჯის ერთ-ერთ მონასტერთან აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებული სამუშაოების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებენ. მანამდე კი ყველას მოუწოდა, „ემოციური განცხადებებისგან“ თავი შეიკავონ.

საუბარია დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჩიჩხიტურის მონასტერზე, სადაც ადგილობრივი გიდის გუშინდელი ინფორმაციით, აზერბაიჯანს ამ მონასტრისკენ გზა გაჰყავდა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, საპატრიარქო ყურადღებით ადევნებს თვალს დავითგარეჯასთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკების პროცესს. დეკანოზი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების დროს საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული.

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – ვრცლად და გასაგებად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი