ახალი ამბები

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

23 მაისი, 2019 • 2451
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

საქართველოს მთავრობამ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოების შესახებ კანონპროექტი განიხილა და დასამტკიცებლად პარლამენტს გაუგზავნა. ამის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, სამცხეჯავახეთის უნიკალური ეკოსისტემების დაცვა მოითხოვს გარემოს დაცვისა და რეგიონის მდგრადი განვითარების ერთიან მიდგომას, რაც შესაძლებელია განხორციელდეს სწორედ დაცული ტერიტორიების გაფართოებით.

მისი განმარტებით, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის  შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, დაგეგმილია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება 5152 ჰა-ით. გაფართოებული ნაწილი მდებარეობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს აბულის,  საღამოსა და ფარავნის ტბებსა და მიმდებარე ტერიტორიებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჯავახეთის რეგიონის განსაკუთრებული მნიშვნელობა მაღალმთის ჭაობების არსებობით არის განპირობებული. ის წარმოადგენს გადამფრენი ფრინველების საიმიგრაციო გზას, ამდენად, მას გლობალური მნიშვნელობა აქვს, რომელიც აღნიშნულ რეგიონში, ჯავახეთის ეროვნული პარკისა და 5 აღკვეთილი, დაცული ტერიტორიის  სახით, 2011 წლიდან ოფიციალურად ფუნქციონირებს.

მისივე თქმით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბუნებრივი ფაქტორები ხელსაყრელ გარემოს ქმნის მეცხოველეობის და მიწათმოქმედების განვითარებისათვის.

“ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტერიტორიები ინტენსიურად გამოყენებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის. ხშირად ადგილი ჰქონდა გაუმართლებელ ქმედებებს (ჭარბტენიანი ტერიტორიების დაშრობა, ტბების წყლის არასწორი გამოყენება, მცენარეთა და ცხოველთა არასასურველი სახეობების ინტროდუქცია, გადაჭარბებული ძოვება, არასწორ დროს თიბვა, ტერიტორიის დაბინძურება საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, არასისტემური თევზჭერა, უცხო სახეობების თევზების ინტროდუქცია და ა.შ.), რის გამოც  ჯავახეთის რეგიონის  ეკოსისტემები   დაცვას მნიშვნელოვნად საჭიროებენ.

„ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოტურიზმის განვითარებასა  და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2018 წლის მონაცემებით, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს 10 000-მდე ვიზიტორი ესტუმრა. დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებით, შესაბამისი ეკოტურისტული სერვისების დანერგვა/განვითარებითა და ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობით ტურისტების რაოდენობა  მნიშვნელოვანად გაიზრდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამომავლოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს  საღამოსა და ფარავნის ტბებში წარსულში დამახასიათებელი იხტიოფაუნის გამრავლებას, თევზის სახეობების აღდგენას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას, მდგრადად ისარგებლოს ბუნებრივი რესურსით.

“ჯავახეთის დაცული ტერიტორიების გაფართოება ხელს შეუწყობს ბუნებრივი პროცესების უწყვეტ განვითარებას, ბუნებრივი მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯავახეთის ზეგანის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით- წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი ტერიტორიებისა და საქართველოს წითელ ნუსხასა და ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) გლობალურ წითელ ნუსხაში არსებული გადაშენების კრიტიკული საფრთხის წინაშე მყოფი ორნითო და იხტიოფაუნის, ფლორის სახეობების შენარჩუნებას, დაცვას და მათი სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების აღდგენას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი