ახალი ამბებისამართალი

წყალტუბოში R2-ის ჟურნალისტს და ოპერატორს სცემეს

23 მაისი, 2019 • 3557
წყალტუბოში R2-ის ჟურნალისტს და ოპერატორს სცემეს

დღეს, 23 მაისს,  წყალტუბოში 7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ახლობლები რუსთავი 2-ის ჟურნალისტ ედიშერ მუშკუდიანს და ოპერატორ ბაკურ ჩიხლაძეს თავს დაესხნენ. ჟურნალისტს თვალი აქვს დაზიანებული და ცხვირი გატეხილი.

სამაუწყებლო კომპანიის გადამღები ჯგუფი წყალტუბოში იმ მოზარდი გოგოს ოჯახში იმყოფებოდა, რომელიც საკუთარი 7 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

ნეტგაზეთი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ნოდარ მელაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, ჟურნალისტი და ოპერატორი უკვე აპირებდნენ ტერიტორიის დატოვებას, რა დროსაც ისინი რამდენიმე პირმა მოულოდნელად გადმოიყვანეს მანქანიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ:

პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ წყალტუბოში და მოულოდნელად დაესხა მათ თავს რამდენიმე ახალგაზრდა. უკვე მანქანაში სხდებოდნენ და ბრუნდებოდნენ უკან. ამ დროს მოხდა თავდასხმა. გადმოიყვანეს მანქანიდან და იქვე გაუსწორდნენ ფიზიკურად”.

ნოდარ მელაძის თქმით, რუსთავი 2-ის ჟურნალისტს, ედიშერ მუშკუდიანს თვალის კაკლის დაბეჟილობა აღენიშნება და ცხვირის ძგიდე აქვს მოტეხილი. ჟურნალისტიც და ოპერატორიც ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, დაშავებულებს სავარაუდოდ მკურნალობის ხანგრძლივი კურსი დასჭირდებათ.

ამ დროისთვის ექიმები ვერ გვეუნბებიან, დასჭირდება თუ არა მას ოპერაცია”, – ამბობს ნოდარ მელაძემ.

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თქმით, თავდასხმელებმა სამაუწყებლო აპარატურაც დააზიანეს.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, თავდასხმაში მონაწილე ერთი პირი დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მორგვიანებით კიდევ ერთი თავდამსხმელი დააკავა პოლიციამ, რომელიც დაშავებულმა მედიის წარმომადგენლებმა ამოიცნეს.

  • გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
  • აღნიშნული მუხლები ჯგუფურ ძალადობას და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

ამბის გაგრძელება:

რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი