ახალი ამბები

რას ნიშნავს EU-ს არჩევნები ევროპისა და საქართველოს მომავლისთვის?

23 მაისი, 2019 • 2107
რას ნიშნავს EU-ს არჩევნები ევროპისა და საქართველოს მომავლისთვის?

დღეს, 23 მაისს, ევროპარლამენტის ოთხდღიანი არჩევნები დაიწყო. საარჩევნო უბნები, თავდაპირველად, დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში გაიხსნა, მომდევნო დღეებში კი სასურველ პარტიებს ხმას ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებში მისცემენ.

ტრადიციულად, ევროპარლამენტის არჩევნებზე აქტივობა მაღალი არ არის ხოლმე. თუმცა წელს სხვაგვარი ვითარებაა, ვინაიდან პროცესმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა კონტინენტის მასშტაბით მზარდი ნაციონალისტური განწყობების ფონზე.

როგორ მუშაობს ევროპარლამენტის არჩევნები და რა ხდება ამის შემდეგ?

ევროპარლამენტის არჩევნები მასშტაბებით მეორე დემოკრატიული კენჭისყრის პროცესია მსოფლიოში, ინდოეთის შემდეგ. მომავალი 4 დღის მანძილზე, ევროკავშირის 450 მილიონამდე მოქალაქეს შეეძლება გადაწყვიტოს, როგორ შეივსება ევროგაერთიანების საკანონმდებლო ორგანოში 751 ადგილი მომდევნო 5 წლის განმავლობაში. თითოეულ სახელმწიფოზე მანდატების განსაზღვრული ოდენობა მოდის, რაც მოსახლეობის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

არჩევისთანავე კანონმდებლები ევროპარლამენტში არსებულ სხვადასხვა ჯგუფში ნაწილდებიან, მათი იდეოლოგიისა და პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ამ დროისათვის არსებული ჯგუფებიდან ყველაზე დიდი და ძლიერი მემარჯვენე-ცენტრისტული “ევროპის სახალხო პარტიაა”(EPP), რომელშიც ევროპის მასშტაბით მოქმედი რიგი გავლენიანი პარტიები ერთიანდებიან, მათ შორის, გერმანიისა და ავსტრიის მმართველი პარტიები, ასევე -საფრანგეთის მთავარი ოპოზიციური პარტია.

ევროპარლამენტი ერთადერთი საკანონმდებლო ორგანოა მსოფლიოში, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონის დონეზე აისახება რამდენიმე სუვერენულ სახელმწიფოზე ერთად. მას აქვს ბერკეტი განსაზღვროს, როგორ დაიხარჯება ფული ევროკავშირის ბიუჯეტიდან, დაამტკიცოს ან უარყოს კანონპროექტები, დაარეგულიროს ევროპის ბაზარი და ა.შ.

რატომ გაძლიერდნენ ნაციონალისტები და რას შეძლებენ ისინი?

საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, ევროპარლამენტში მოქმედი დიდი ჯგუფები ლიდერ პოზიციებს ახლაც შეინარჩუნებენ, თუმცა, შემცირებული მანდატებით: აპრილის გამოკითხვით, უდიდესი ჯგუფი კვლავ “ევროპის სახალხო პარტია” იქნება 180 ადგილით, ამჟამინდელი 217 ადგილის ნაცვლად. მემარცხენე-ცენტრისტულ “სოციალისტებსა და დემოკრატებს” 149 მანდატს უწინასწარმეტყველებენ, მესამე პოზიციაზე კი “ლიბერალები და დემოკრატები” დგანან, 76 ადგილით.

მიუხედავად ამ მოცემულობისა, ევროპის მასშტაბით ნაციონალისტებისა და პოპულისტების გავლენის ზრდა, სავარაუდოდ, წლევანდელი არჩევნების შედეგზეც აისახება. ევროპარლამენტში მოქმედი ორი ევროსკეპტიკურ ჯგუფის რეიტინგი, კვლევის თანახმად, გაზრდილია, რის შედეგადაც, შესაძლოა, ჯამში, 100-ზე მეტი ადგილი მიიღონ.

ამასთან, მატეო სალვინიმ, გავლენიანმა ულტრამემარჯვენე ლიდერმა, რომელიც იტალიის ვიცეპრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრია, გასულ თვეში ახალი ევროპული ალიანსის შექმნა დააანონსა, პოპულისტური და ულტრამემარჯვენე პარტიების მონაწილეობით. იდეას მხარს უჭერენ აღნიშნული იდეოლოგიის მატარებელი პარტიები გერმანიაში, საფრანგეთში, დანიასა და ფინეთში.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე მიიჩნევს, რომ მარჯვნივ თუ მარცხნივ ე.წ. პოლიტიკური ქანქარის გადახრა პოლიტიკური სისტემისთვის ჩვეულებრივი პროცესია. თუმცა, მისი აზრით, ცენტრისტული პარტიებისადმი იმედგაცრუებამ და გაძლიერებული მიგრაციის საკითხმა განწყობა უფრო შესამჩნევად გადახარა მარჯვნივ. მიუხედავად ამისა, გიორგი ბადრიძე პროცესს შეუქცევადად არ განიხილავს.

“ესაა პოლიტიკური ფაზა, რომელიც აუცილებლად გაივლის და ერთგვარი გარანტია იმისა, რომ ეს არ არის შეუქცევადი პროცესი, იმაშია, რომ პოპულისტები, რომლებიც ზოგჯერ რეალურად არსებულ პრობლემებს იყენებენ პოპულარობის მოსაპოვებლად და ზოგჯერ იგონებენ კიდეც მათ, როგორც წესი, დაპირებებს, პრაქტიკულად, ვერ ასრულებენ. პოპულისტების მოსვლით ხელისუფულებაში ეს პრობლემები მხოლოდ გაღრმავდება.

განსაკუთრებით კი ის პრობლემები, რომლებიც ეხება საზოგადოების კეთილდღეობასა და ეკონომიკას. მარტივი გამოსავალი, სამწუხაროდ, რთულ პრობლემებს არ გააჩნია. ამიტომ, დიდი ალბათობით, ჩვენ ვნახავთ ამ პოლიტიკური ქანქარის შებრუნებას მეორე მხარეს”, – აღნიშნავს ის.

გიორგი ბადრიძე საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევებს ეყრდნობა და აღნიშნავს, რომ პოპულისტებს შემდგომი მოწვევის ევროპალამენტში გარკვეული გავლენა ექნებათ, თუმცა გადამწყვეტი სიტყვა – არა. გარდა ამისა, ყოფილ ელჩს ძნელად წარმოუდგენია ულტრამემარჯვენეების დაანონსებული ალიანსის სიმყარე, ვინაიდან ყველა მათგანს ნაციონალისტური სენტიმენტი გასდევს თან, რაც არაერთი მიმართულებით შეუშლით ხელს მათ ერთობას.

“ძალიან ძნელად წარმომიდგენია, მაგალითად, ავსტრიელი ნაციონალისტებისა და იტალიელი ნაციონალისტების თანამშრომლობა, როდესაც დღემდე, ამდენი ათეული წლის შემდეგ, ვთქვათ, ტერიტორიული საკითხი მათთვის ჯერ კიდეც ცოცხალია, თუნდაც ჩრდილოეთ იტალიაში. მათ მიერ მოგვრილი უამრავი სისხლიანი კონფლიქტის შემდეგ, რომელიც გადაიჭრა მხოლოდ ევროინტეგრაციის შედეგად, არ მგონია, რომ ხალხი მზად იყოს, უკან წავიდეს ამ დაპირისპირებებთან. ეს დაპირისპირებები სწორედაც რომ ნაციონალისტური განწყობებიდან გამომდინარობს”, – უთხრა მან “ნეტგაზეთს”.

საზოგადოების განწყობებზე გავლენას არაერთი ფაქტორი ახდენს. მათ შორის არის ერთი ყურადსაღები დეტალი – ულტრამემარჯვენეთა აშკარა პრორუსული პოლიტიკა, რაც გასულ კვირას ნათლად გამოჩნდა ავსტრიაში, სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ, რამაც მთავრობა, პრაქტიკულად, კოლაფსამდე მიიყვანა.

“ეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ჩატარდა, სანამ ერთ-ერთ ამგვარ ლიდერს ავსტრიაში ამხილებდნენ ღრმად კორუპმირებულობაში, პრაქტიკულად, გამყიდველობაში. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ულტრამემარჯვენეები და პოპულისტები, საკმაო ნაწილი, ბევრ რამეში ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა ერთი აქვთ საერთო: პრაქტიკულად, ყველა მზადაა თანამშრომლობისთვის,  მათ შორის, უკანონო თანამშრომლობისთვის კრემლთან. მე მგონია, რომ ამ ფაქტორმა შეიძლება თავისი კორექტივები შეიტანოს იმაში, თუ როგორ მისცემენ ხმას ევროპელი ამომრჩევლები”, – აღნიშნავს გიორგი ბადრიძე.

რას ნიშნავს ეს არჩევნები და პოპულისტების გავლენის ზრდა საქართველოსთვის?

ევროპარლამენტში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით რიგ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ. მათ შორისაა ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელსაც ევროგაერთიანება აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისათვის გამოყოფს.

“ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების განსახორციელებლად უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ევროპარლამენტის ახალ შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული ევროკავშირის სამომავლო ბიუჯეტის პრიორიტეტები და საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ფინანსური დახმარების განსაზღვრაც”, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” პოლიტიკის მკვლევარი ორგანიზაციის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.

მასალის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს რიგი ახალი ურთიერთობების დამყარება მოუწევთ ბრიუსელთან. ვინაიდან:

“გარდა პარლამენტის ახალი შემადგენლობისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ცვლილებისა, დიდი ალბათობით, განახლებები იქნება კომისიის გენერალურ დირექტორატებშიც, მათ შორის იმ დირექტორატებშიც, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ საქართველოს საკითხებზე. ამასთანავე, ცვლილებები შეეხება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსაც “.

გიორგი ბადრიძე ფიქრობს, რომ წლევანდელი არჩევნებიდან თუ მანამდე პოპულისტური ძალების მომძლავრების წინაპირობებიდან, საქართველოს შეუძლია, “ბრწყინვალე გაკვეთილი” გამოიტანოს. მათ შორის, ყოფილი ელჩი აღნიშნული ძალების გაძლიერების შედეგებს უსვამს ხაზს.

“ყველაფერი გადასაღები არ არის, მაგრამ გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ყველაფრიდან: ჩემი აზრით, საქართველოს ბრწყინვალე გაკვეთილის გამოტანა შეუძლია იმ ფაქტიდან, რომ პოპულიზმის გაძლიერება არ წყვეტს იმ პრობლემებს, რომელთა სახელითაც ისინი მოხვდნენ ხელისუფლებაში, მათი ადვოკატები. მაგალითია ასევე ბრექსიტი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი იმას, თუ როგორ შეიძლება პოპულიზმით ღრმად დააზიანო საკუთარი ეკონომიკური ინტერესები”, – აღნიშნავს ის.

რაც შეეხება ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერებას, ყოფილი ელჩი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეს ხელს არანაირად არ აძლევს, თუმცა კვლავ აღნიშნავს, რომ მათ არ ექნებათ გადამწყვეტი ძალა:

“ერთი რეალობა გამოჩნდა უფრო ნათლად: ევროკავშირი არ არის იდეალური წარმონაქმნი. მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ყველა დანარჩენი ტიპის საერთაშორისო გაერთიანება მნიშვნელოვნად უფრო წარუმატებელია. ანუ, ევროკავშირი არის მსოფლიო ისტორიაში ყველაზე წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის შემთხვევა. შესაბამისად, ის, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი მისწრაფება ევროკავშირისკენ, მხოლოდ ბუნებრივი მგონია, მიუხედავად იმ ხარვეზებისა, რომლებიც ევროპაში დღეს ნათლად ვიხილეთ.

ევროსკეპტიკური ძალების გაძლიერება ევროპარლამენტში საქართველოს არანაირად ხელს არ აძლევს, რადგან გარდა იმისა, რომ ისინი არიან ნაციონალისტები და არის ანტიევროკავშირული, უმეტესობა ასევე არის რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი. მაგრამ, ვიმეორებ, არ მგონია, ევროსკეპტიკოსებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვან ამ პოლიტიკაში, თუნდაც ამ არჩევნებზე”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი