ახალი ამბები

ლევან აკინის შემდეგი ფილმი საქართველოდან სტამბოლში მოგზაურობაზე იქნება

23 მაისი, 2019 • 1964
ლევან აკინის შემდეგი ფილმი საქართველოდან სტამბოლში მოგზაურობაზე იქნება

ქართული წარმომავლობის შვედი რეჟისორი ლევან აკინი, რომელმაც საქართველოში ფილმი “და შემდეგ ვიცეკვეთ” გადაიღო, მომდევნო ფილმის გადაღებას სტამბოლში გეგმავს.

როგორც რეჟისორმა კინოსა და ტელევიზიის ნორდიკულ ფონდთან ინტერვიუში თქვა, ფილმს, სავარაუდოდ, მომავალი წლის შემოდგომაზე გადაიღებენ და მასში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ერთ-ერთი პერსონაჟი (ზაზა) იქნება.

აკინის თქმით, ფილმი საქართველოდან სტამბოლში მოგზაურობაზე მოგვითხრობს, მანამდე კი გეგმავს მუშაობას სერიალზე, სახელწოდებით Dough, რომელსაც შვედური ტელეკომპანია იღებს.

ინტერვიუში აკინმა საქართველოში გადაღებული ფილმის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” თანამედროვე ქართულ საზოგადოებაზე საბჭოთა კავშირის გავლენებზეც არის საუბარი:

“საბჭთა კავშირის გავლენა  საქართველოში ჯერ კიდევ ძლიერია. თაობა ორადაა გაყოფილი, მათ შორის, ვინც საბჭოთა კავშირში დაიბადა და ამ ეპოქის მიმართ ნოსტალგიურადაა განწყობილი და ახალგაზრდა ბავშვები, რომლებიც ინტერნეტის ეპოქაში, Rick & Morty-ს მსგავსი სერიალებით გაიზარდნენ.

ფილმში ადამიანები ასევე ახსენებენ ე.წ. საზღვარს, რომელსაც რუსეთი დღითიდღე აფართოებს და ეს ყოველთვის დისკუსიის საგანია. ყოველ 10-15 წელიწადში რუსეთი ქვეყნის ნაწილს ისაკუთრებს და ვინ იცის, [საქართველოსგან] რაღა დარჩება”, – ამბობს რეჟისორი.

აკინი ინტერვიუში საკუთარ წარმომავლობაზეც საუბრობს. რეჟისორის თქმით, მისი მშობლები წარმოშობით ქართველები არიან, თუმცა თურქეთში დაიბადნენ, 1960-იანი წლებიდან კი შვედეთში გადავიდნენ საცხოვრებლად.

ინტერვიუ ქართული გეი დრამის მსახიობებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი