ახალი ამბები

ხორავას საქმის მოწმე დ.ღ-ს 2.3 წლით პატიმრობა მიესაჯა

22 მაისი, 2019 • 1443
ხორავას საქმის მოწმე დ.ღ-ს 2.3 წლით პატიმრობა მიესაჯა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნო, 2.3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

როგორც “ნეტგაზეთს” საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს, დ.ღ-ს, ჯამში, 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, სასჯელი 1/4-ით შემცირდა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ. 2018 წლის 19 ივლისს დააკავეს. მიმდინარე წლის 15 იანვარს კი დ.ღ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

გამოძიების ინფორმაციით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება, კერძოდ:

“ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ. და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.”

გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

“შესაბამისად, მოწმე დ.ღ-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს როგორც დანაშაულის, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.”

მასალების გადაბეჭდვის წესი