ახალი ამბები

ბრალის წარდგენის მერე ვიტყვით, ბრალს აღიარებს თუ არა — 17 წლის დედის ადვოკატი

22 მაისი, 2019 • 1587
ბრალის წარდგენის მერე ვიტყვით, ბრალს აღიარებს თუ არა — 17 წლის დედის ადვოკატი

შვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 17 წლამდე გოგოს ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ოფიციალურად ბრალი არ წარდგენია, შესაბამისად, ის ვერც ბრალს აღიარებდა;

„ბრალის წარდგენის შემდეგ დავაფიქსირებთ პოზიციას“, — აცხადებს ადვოკატი ნეტგაზეთთან საუბარში.

17 წლამდე გოგო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-მ 22 მაისის დილას გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულმა საკუთარ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

ამავე განცხადებაში ეწერა, რომ დაკავებული დანაშაულს აღიარებს. თუმცა, როგორც ნეტგაზეთს დაკავებულის [სახაზინო, ანუ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილმა] ადვოკატმა, ქეთევან გაგოევმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერჯერობით ბრალი არ წარდგენია, მისთვის საქმის მასალები ჯერ არ გადაუციათ, შესაბამისად, ის ვერც ბრალს აღიარებდა. 

მისი თქმით, დაკავებული არ დაუკითხავთ, ის მისი თანდასწრების გარეშე გამოკითხეს. შსს-ში დაგვიდასტურეს, რომ გამოკითხვას ადვოკატი არ დასწრებია, თუმცა, მათი თქმით, დაკავებული სოციალური მუშაკის ზედამხედველობის ქვეშ გამოკითხეს, რაც გავრცელებულ კადრებშიც ჩანს.  შსს-ს თანახმადვე, მან ჩვენება მისცა და ამ ჩვენებას სამართლებრივი ძალა გამოძიების შემდეგ ეტაპებზეც ექნება.

გოგო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სისხლის სამართლის კოდექსის ეს მუხლი (11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტები) 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

შსს-ს განცხადებიდან ირკვევა, რომ დაღუპული ბავშვი შვიდი თვის იყო — ის 2018 წლის ოქტომბერში დაიბადა. შესაბამისად, იგი დაახლოებით 2018 წლის იანვარში ჩაისახა.

ამ დროს დედა, რომელიც 2002 წელსაა დაბადებული, 16 წელს მიღწეული არ იყო. დაღუპული ბავშვის მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში ვერ იქნებოდნენ, რადგან 18 წლამდელთა ქორწინება აკრძალულია. პარტნიორი კაცი კი ბავშვის სავარაუდო ჩასახვის მომენტშიც სრულწლოვანი იყო.

16 წლამდე ადამიანთან სექსუალური კავშირი ისჯება და სექსუალურ ძალადობად კვალიფიცირდება. ნეტგაზეთი დაინტერესდა, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ მიმართულებითაც და დადგება თუ არა პარტნიორის პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ კითხვით მივმართეთ შსს-ს; უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. ამ დროისთვის [22 მაისი, 17:30] გოგოს პარტნიორი, ვისთანაც ცხოვრობდა, არ დაუკავებიათ.

სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლი, რომელიც 16 წლამდელთან სექსუალურ კავშირს კრძალავს, 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი