ახალი ამბები

კალაძე ე.წ. ქარ შეარინგის პროექტში რუსული კომპანიის მონაწილეობაში პრობლემას ვერ ხედავს

22 მაისი, 2019 • 2506
კალაძე ე.წ. ქარ შეარინგის პროექტში რუსული კომპანიის მონაწილეობაში პრობლემას ვერ ხედავს

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ მანქანების გაზიარების (ე.წ. “ქარ შეარინგის“) პროექტში ყველას, მათ შორის, რუსული კომპანიების მონაწილეობასაც მიესალმება. მისი განმარტებით, ამ დროისთვის პროექტში მხოლოდ ერთი კომპანიაა ჩართული, რომელიც მობილური აპლიკაციის მეშვეობით თბილისში ელექტრომანქანებს გააქირავებს.

კომპანიას, რომლის შესახებაც კალაძე საუბრობს, “აიქარი” ჰქვია. მისივე თქმით, უწყება პროექტის ფარგლებში არაფერს დააფინანსებს და მხოლოდ მხარდაჭერით შემოიფარგლება. ამ კომპანიის მეწილეებს შორის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან და პროგრამული უზრუნველყოფაც რუსული კომპანიის შესრულებულია.

კალაძეს დღეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იცოდა თუ არა “აიქარის” რუსეთთან სავარაუდო კავშირების შესახებ და რას ფიქრობს ამის შესახებ, რაზეც კალაძემ ასეთი პასუხი გასცა:

“ჩვენთვის მთავარია, რომ ქალაქში იარსებებს სერვისი, რომლითაც თბილისის ნებისმიერი მოქალაქე ისარგებლებს და ასევე შესაძლებელელია, ისარგებლონ ქალაქში ჩამოსულმა ტურისტებმა. ჩვენ ამ პროექტს მივესალმებით, ძალიან მაგარი პროექტია, აქვს ჩვენი მხარდაჭერა და თუ რომელიმე კომპანია დაინტერესებული იქნება, შემოვიდეს. რუსულ კომპანიებსაც მივესალმებით, თუ ისინი საქართველოში ინვესტიციებს განახორციელებენ, არანაირი პრობლემა არ არის ამ მიმართულებით. თუ იქნება კიდევ სხვა კომპანიები შემოსული ქვეყანაში, ვისაც ამგვარი ინვესტიციები ექნებათ, ვთქვათ, ველოსიპედების, მოტოციკლეტების ან სკუტერების განხრით, ჩვენი მხრიდან ექნებათ თანადგომა,” – ამბობს კალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, იქნება თუ არა ეს პრობლემა ოკუპაციის პირობებში, ვინაიდან მობილური აპლიკაცია, რომლითაც მოქალაქეებმა მანქანები უნდა გამოიძახონ, მომხმარებლების პირადი ინფორმაციის ბაზას ქმნის, კალაძე პასუხობს – “მაგარი ლოგიკა გაქვთ, რა!”.

კომპანიის შესაძლო კავშირები რუსეთთან

aiCar-ის საიტზე ვკითხულობთ, რომ ელექტრომანქანის ქირაობა მობილური აპლიაკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. ჯავშნის ღირებულება კი წუთში 0.08₾ იქნება. ამავე საიტზე აღნიშნულია, რომ აპლიკაციის საავტორო უფლებები ეკუთვნის და, შესაბამისად, ხელშეკრულება გაფორმებულია შპს “ქართლიქართან“.

ხელშეკრულების მიხედვით, სერვისის მომხმარებელი “მეიჯარეს აძლევს სრულ და შეუზღუდავ უფლებას, ხელშეკრულების ვადაში ნებისმიერ დროს შეინახოს, ჩაიწეროს, დაამუშაოს და გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია და მესამე პირებს, შემდგომი დამუშავების ან/და გამოყენების უფლებით, გადასცეს ასეთი ინფორმაცია”.

კომპანია კი “პერსონალურ ინფორმაციად განმარტავს შემდეგს: “მომხმარებელთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის და არა მხოლოდ პირდაპირი ან ირიბი საიდენტიფიკაციო მონაცემი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ბიომეტრიული მონაცემი, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი ან სხვა ფიზიკური, ფსიქიკური, ეკონომიკური, კულტურული და სოციალური მონაცემი, ან სხვა ნებისმიერი მონაცემი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მიჩნეულია, როგორც პერსონალური მონაცემი”.

“შპს ქართლიქარი” საქართველოში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იან წილს “ შპს ბიგ სერვისი“ ფლობს. თავის მხრივ,  “შპს ბიგ სერვისის“ 20%-იან წილს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ანდრეი პაუკი ფლობს, 10%-ს – ასევე რუსეთის მოქალაქე თეიუბ კაფაროვი, 25%-ს -საქართველოს მოქალაქე დიმიტრი აბდუშელიშვილი, ხოლო დანარჩენ 45%-ს- უზებეკეთის 4 მოქალაქე ინაწილებს.

გარდა რეესტრის მონაცემებისა, კომპანიის რუსეთთან კავშირების შესახებ ფეისბუკზე წერს უჩა აბაშიძე. მისი თქმით, საიტი რუსულ chotkey.ru – ზე შეიქმნა, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს. გარდა ამისა:

“თუ ყველა პირადი ინფორმაცია არ მიაწოდე, ისე აპლიკაცია, უბრალოდ, არ ეშვება. ბარათის მიბმისას უცებ რუსულად მიწერს “operacia vipolnena uspeshno pojalusta vernites v aplikaciu (ოპერაცია წარმატებით შესრულდა, გთხოვთ დაბრუნდეთ აპლიკაციაში),” – წერს უჩა აბაშიძე.

მისივე თქმით, ის ლინკებს გაჰყვა და ფეისბუკ პოსტსაც მიაგნო, სადაც რუსი დეველოპერები წერენ, რომ აპლიკაცია მართლაც მათ ეკუთვნის.

განახლება, 23 მაისი –  კომპანია “აიქარმა” სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია:

“სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი კომპანიის სერვერები, სადაც ხდება მომხმარებლების მონაცემთა ბაზების შენახვა, მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე. სერვერები იმყოფება 24-საათიანი მონიტორინგის ქვეშ და ხელმისაწვდომი არ არის არავითარი მესამე მხარისთვის, მით უფრო – რუსეთისთვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი