ახალი ამბები

რა საკითხები განიხილეს დავით ნარმანიასა და ანა ბაგრატიონის შეხვედრისას

12 ნოემბერი, 2014 • • 4155
რა საკითხები განიხილეს დავით ნარმანიასა და ანა ბაგრატიონის შეხვედრისას

როგორც “დედათა კომიტეტის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე ქეთევან ადამია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, მერთან შეხვედრისას ორი პროექტი განიხილეს, ერთ-ერთი პროექტია “აფხაზური ოდა”. ამ პროექტის განხორციელებისათვის დავით ნარმანიას თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გადმოცემა თხოვეს, რომელიც ტაბახმელაში მდებარობს. ქეთევან ადამიას განცხადებით, თბილისის მერია იმსჯელებს ამ საკითხზე და ისინი პასუხს დაელოდებიან.

 

“ეს არის გენიალური პროექტი, მე შევარჩიე წინასწარ ტერიტორია, სადაც უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აიგება სასტუმრო-მუზეუმი. აფხაზებთან ნდობის აღდგენისთვის გადავწყვიტეთ საქართველოს დედაქალაქში აფხაზებთან ერთად ავაგოთ “აფხაზური ოდა”, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან ჩამოსულ აფხაზ სტუმრებს განსაკუთრებულ გარემოში მივიღებთ. იქ აიგება ტაძარი, უწმინდესმა შეურჩია უკვე სახელი და ეს იქნება სიმონ კანანელის სახელობის, გაკეთდება დედათა მონასტერი. პირველ რიგში, გაკეთდება დარბაზი, სადაც უწმინდესი შეხვდება მათ, გამოიფინება ჩვენი პატრიარქების სურათები, რომ წარმოდგენა შეექმნათ ჩვენი ქართული ეკლესიის შესახებ აფხაზებს. ამავე დროს, მოეწყობა მეორე დარბაზი, სადაც გამოიფინება ჩვენი მეფეების  ფოტოსურათები, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ერთიან საქართველოსთან, რაც კარგი გაუკეთებიათ ბაგრატიონებს და მთელი ერთი კუთხე დაეთმობა აფხაზ მთავრებს. აფხაზურ ოდაში გაიხსნება ბიბლიოთეკა, სადაც განვათავსებთ უნიკალურ გამოცემებს, რომლებიც გამოიცემა დღემდე აფხაზურ ენაზე. ეს იქნება იმის ნიშანი, რომ აფხაზებმა გაიგონ, როგორ გვიყვარს ჩვენ და ვუფრთხილდებით აფხაზურ ენას, კულტურას.  ვისაც კი სურვილი აქვს აფხაზებთან დიპლომატიის და სახალხო ენით ნდობის აღდგენაში მიიღოს მონაწილეობა, ყველა დაიდებს იქ ბინას და ეს იქნება უნიკალური შეხვედრები”, – ამბობს ქეთევან ადამია.

 

მისივე თქმით, ჩამოსული სტუმრები აღნიშნულ კომპლექსში უსასყიდლოდ იცხოვრებენ, შეზღუდული არ იქნება არც დრო, თუ რამდენი ხანით დაყოვნდებიან ისინი. ქეთევან ადამია აცხადებს, რომ ჯერჯერობით ზუსტად არ დაუთვლიათ ის ფინანსური რესურსი, რაც ამ კომპლექსის აშენებას დაჭირდება, თუმცა ვარაუდობს, რომ მას ძირითადად შემოწირულობებით ააგებენ.

 

ანა ბაგრატიონი და დავით ნარმანია
ანა ბაგრატიონი და დავით ნარმანია

 

რაც შეხება მეორე პროექტს, ის ანა ბაგრატიონის მიერ მოპოვებულ გრანტს უკავშირდება. ქეთევან ადამია ამბობს, რომ ანა ბაგრატიონმა აშშ-ში არსებული ორგანიზაციის გრანტი მოიპოვა, თუმცა იგი არ აკონკრეტებს ორგანიზაციის დასახელებას.

 

“ქალბატონმა ანამ თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა გრანტი, ეს არის ჰუმანიტარული დახმარება. ვერე პალასში იყო შეხვედრა ჩემი  ორგანიზებით, ამ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა. 5-წლიანი გავაკეთოთო, თავიდან იყო ნათქვამი, და თითო წელიწადში მილიონ დოლარს ჩადებდა ეს ორგანიზაცია. როდესაც აშშ-დან ჩამოსულ სტუმარს მოვუყევი საქართველოში შექმნილი მდგომარეობა ოკუპაციის შემდეგ, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში საქართველოსთვის სპეციალური ღონისძიებები განხორციელდეს. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში სოფლის მეურნეობის დარგში პროექტებს ახორციელებს. სასათბურე მეურნეობები მოეწყობა ღარიბი მოსახლეობისთვის. ჩვენთან ეს გაკეთდება დევნილთათვის. ჩვენ გვინდა აფხაზეთის საზღვართან გავაკეთოთ ეს მეურნეობები, ფერმები მეფრინველეობის, მეცხოველეობის, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან, რომ მერე იქვე საზღვარზე გაიტანონ პროდუქცია. ჩვენ გვინდა, რომ თბილისსა და მის შემოგარენშიც მოვაწყოთ ეს მეურნეობები. ამ ორი პროექტზე ჩვენი გეგმები მოვახსენეთ დავით ნარმანიას”.

 

საქართველოში მონარქია გაუქმებულია, თუმცა 2007 წლის ოქტომბერში საქართველოს პატრიარქი ილია მეორე კონსტიტუციური მონარქიის შემოღების ინიციატივით გამოვიდა. ამ მიზნით ბაგრატიონთა შტოს  ორმა წარმომადგენლებმა დავით ბაგრატიონმა და ანა ბაგრატიონ–გრუზინსკიმ სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი 2009 წლის 8 თებერვალს დაიწერეს. 2011 წლისს 27 სექტემბერს მათ შვილი გიორგი ბაგრატიონი შეეძინათ, თუმცა წყვილი 2013 წლის დეკემბერში ერთმანეთს დაშორდა. გვარის ორ შტოს შორის დაპირისპირება არარსებულ სამეფო ტახტზე უპირატესობას უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი