ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთმა მთიანი ყარაბაღი არ აღიარა

12 ნოემბერი, 2014 • • 1191
სომხეთმა მთიანი ყარაბაღი არ აღიარა

სომხეთის პარლამენტში ოპოზიციური პარტია “მემკვიდრეობის” კანონპროექტი “სომხეთისა და არწახის [მთიანი ყარაბღის სომხური სახელწოდება] სამხედრო პოლიტიკური უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ” 11 ნოემბერს განიხილეს.

 

სომხეთის ნაციონალური კონგრესის ხელმძღვანელი, ლევონ ზურაბიანი აცხადებს, რომ მსგავსი პოლიტიკური ნაბიჯი სომხეთის მხრიდან, ნაადრევია.

 

ვიცესპიკერის, ედუარდ შარმაზანოვის თქმით, სეპარატისტული რეჟიმის ერთმხრივი აღიარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის ხელის შემშლელი იქნებოდა.

 

მისი თქმით, სომხეთი მუშაობს და უნდა გააგრძელოს მუშაობა იმაზე, რომ მსოფლიო დაარწმუნოს მთიანი ყარაბაღის საერთაშორისო აღიარების აუცილებლობაში. 

 

როგორც “მემკვიდრეობის” წარმომადგენელი, ზარუი პოსტანჯაინი ამბობს, მთიანი-ყარაბაღის სეპარატისტების დამოუკიდებლობის აღიარების “დრო დიდი ხანია მოვიდა.” 

 

“თუ ერევნის მიზანია მთიანი ყარაბაღის საერთაშორისო აღიარება, თავად სომხეთის, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის სუბიექტი, ვალდებულია ეს პირველ რიგში თავად გააკეთოს,”- აცხადებს პოსტანჯიანი. 

 

სომხეთის საპარლამენტო ფრაქცია “მემკვიდრეობამ” 17 სექტემბერს სომხეთის ეროვნული კრების მიმართვაში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ოფიციალურად აღიარების შესახებ პროექტი შეიტანა.


ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია “მემკვიდრეობა” სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა პარტიის და მისი ლიდერის, სომხეთის პრეზიდენტობის ექსკანდიდატისა და ექსსაგარეო საქმეთა მინისტრის, რაფი ოვანისიანის ყველა მცდელობა უშედეგო იყო. 

 

ოფიციალური ერევნის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ სომხეთის მიერ ყარაბაღის აღიარება OSCE-ს მინსკის ჯგუფის ფარგლებში არსებულ მოლაპარაკებათა პროცესს ხელს შეუშლის.


  მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი