ახალი ამბები

ხელისუფლებაზე დაწერილი კრიტიკული სტატიისთვის რუსული “კომერსანტიდან” ჟურნალისტები გააგდეს

21 მაისი, 2019 • 1131
ხელისუფლებაზე დაწერილი კრიტიკული სტატიისთვის რუსული “კომერსანტიდან” ჟურნალისტები გააგდეს

რუსული გაზეთი “კომერსანტი” პოლიტიკის განყოფილების ჟურნალისტების გარეშე დარჩა. როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება “ნოვაია გაზეტა” წერს, ხელისუფლების შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული სტატიის გამო მედიასაშუალებიდან ჯერ ორი ჟურნალისტი გაუშვეს, შემდეგ კი კოლეგებისადმი სოლიდარობისა და პროტესტის ნიშნად გამოცემა დატოვა პოლიტიკის განყოფილების 11-მა ჟურნალისტმა.

საქმე ეხება 17 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარია რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის სპიკერის,  ვალენტინა მატვინენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებასა და პრეზიდენტ პუტინთან მის დაგეგმილ შეხვედრაზე.

ამ სტატიის შემდეგ მედიასაშუალებიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტები, ივან საფრონოვი და მაქსიმ ივანოვი.

როგორც “ნოვაია გაზეტა” წერს, ჟურნალისტებმა ფეისბუკზე დაწერეს პოსტი და დაადასტურეს რედაქციის დატოვება.

“მე ვტოვებ რედაქციას მაქსიმ ივანოვთან ერთად არა საკუთარი სურვილით, არამედ აქციონერის გადაწყვეტილებით”, – დაწერა საფრონოვმა.

გაგდებული თანამშრომლებისადმი სოლიდარობის ნიშნად “კომერსანტის” დატოვების შესახებ განაცხადა გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, გლებ ჩერკასოვმა. ჩერკასოვის თქმით, მასთან ერთად პოლიტიკის განყოფილებას კიდევ 10 ჟურნალისტი ტოვებს.

“კომერსანტის” გენერალურმა დირექტორმა, ვლადიმირ ჟელონკინმა BBC-ის დაუდასტურა, რომ ჟურნალისტები სწორედ 17 აპრილის სტატიის გამო გაათავისუფლა და დასძინა, რომ აღნიშნული სტატია “არ შეესაბამებოდა გამომცემლობის სტანდარტებს”. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა სტანდარტებს გულისხმობს.

“ჩვენ დაუყონებლივ შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ წასვლა. ჩვენი აქციონერი მიიჩნევს, რომ ინფორმაცია (სტატიაში მოცემული) იყო არასწორი. რედაქცია შოკირებულია – ისინი პოლიტიკის განყოფილების გარეშე დარჩნენ”, – უთხრა “ნოვაია გაზეტას” სამსახურიდან პროტესტის ნიშნად წამოსულმა ჟურნალისტმა კატარინა გრობმანმა.

საგამომცემლო სახლი “კომერსანტი” ეკუთვნის რუს მილიარდერ ალიშერ უსმანოვს. ის 16.2 მილიარდი აშშ დოლარით მსოფლიოს რიგით 67-ე ყველაზე მდიდარი ადამიანია. უსმანოვი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქია და ფლობს ისეთ მნიშვნელოვან ბიზნესებს, როგორიც არის რუსეთის მეორე უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია “მეგაფონი”. უსმანოვი წილებს ფლობს მეტალის მადნის ერთ-ერთ უმსხვილეს წარმოებას რუსეთში, ასევე ის არის Mail.ru Group-ის მეწილე, მას ასევე მნიშვნელოვანი თანხა აქვს ინვესტირებული Alibaba-სა და Airbnb-ში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი