ახალი ამბებისამართალი

არ დაველოდებით გამოძიებას, ჩვენ თვითონ მივიღებთ უმკაცრეს ზომებს – კობიაშვილი

21 მაისი, 2019 • 1533
არ დაველოდებით გამოძიებას, ჩვენ თვითონ მივიღებთ უმკაცრეს ზომებს – კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს სადისციპლინო კომიტეტთან ერთად, რომ ჩაწყობილი მატჩების ბრალდებით დაკავებულმა სპორტსმენებმა, რომლებსაც 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ფეხბურთი საერთოდ ვეღარ ითამაშონ.

ლევან კობიაშვილი არც კლუბების დასჯას გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, მანამდეც დაუსვამთ კითხვის ნიშნები ვიტ ჯორჯიას ხელმძღვანელებთან მათი ფეხბურთელების საეჭვო ეპიზოდებზე.

მიუხედავად იმისა, რა პროცესები განვითარდება და როგორ გაგრძედება, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი – ნამდვილად არ ვაპირებ დღეს იმ კომენტარის გაკეთებას, რომ დაველოდებით გამოძიებას. არ მაინტერესებს! ჩემთვის გამოძიება დაწყებულიცაა და დასრულებულიც! ჩვენ, ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენი სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე, არ არის გამორიცხული, კლუბების მიმართაც. რატომ კლუბები? ეს არის, როდესაც სულ ყოველთვის, პირველი დღიდან ხაზს ვუსვამ – ეს მარტო ფეხბურთის ფედერაციის ან ჩემი პრობლემა არ არის, ეს არის ყველას პრობლემა და ყველა უნდა ვიყოთ გაერთიანებული, მათ შორის, კლუბებიც და მათი ხელმძღვანელებიც. ეს საკითხი, რაზეც ახლაა საუბარი, იყო მანამდეც. დღეს და გუშინ რომ დაიწყო ზოგიერთმა სააგენტომ სხვა თამაშების კადრების მოძიება, იგივე წინა თამაშების, ზუსტად მაშინ იყო, როდესაც ჩვენ კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდით და ავუხსენით ის კითხვის ნიშნები, რაც ჩვენ გაგვაჩნდა იმ კონკრეტულ თამაშზე, რომელიც ეხება ვიტ ჯორჯიას 2:3 წაგებას რუსთავთან. მე ნამდვილად არ გავუსვამ ხაზს მეორე გუნდის [რუსთავის] ქმედებას, ნამდვილად არ მაქვს მათთან კითხვის ნიშნები და ვერ ვისაუბრებ მათზე, მაგრამ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელების ქმედებები იმ თამაშზეც იყო ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი და ამას ვაკეთებთ ყოველთვის”, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, არცერთი თამაში გამოუტოვებია დაწყებული ეროვნული ლიგიდან, დამთავრებული ქვედა ლიგებამდე და აკვირდებიან მსგავს ქმედებებს:

ყოველთვის ვართ აქტიურები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გუნდების, მოთამაშეების და ყველას გვერდში დგომა, რომ ასეთი სიბინძურე და საშინელება აღარ განმეორდეს. ვაფრთხილებ ყველას, ნურავინ გაბედავს! ვეღარავინ ეღირსება მოედანს! ჩვენთვის ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია. შეიძლება არ მაქვს ამის თქმის უფლება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენ და მე პირადად, რომ ამ ფეხბურთელებმა, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ, ვეღარ ითამაშონ ფეხბურთი. ამის გარანტიას ვიძლევი ჩემი მხრიდან – რისი საშუალებაც იქნება, ყველაფერს გავაკეთებ, სადისციპლინო კომიტეტთან ერთად”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ბრალდებით 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი 19 მაისს დააკავა.

სუს-ის განცხადებით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები – ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ ჭიათურას ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიის ფეხბურთელები- რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები- ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

იხილეთ სუ-ის ვიდეო - დააკლიკეთ

როგორც ანტიკორუფციული სააგენტო აცხადებს, 2019 წლის 3 აპრილს ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიის მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ თბილისის მერანსა და საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

სუს-ის განცხადებით, ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოსთან შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

 

ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა, ჯამში, მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ვიტ ჯორჯია მკაცრად ემიჯნება მსგავს ფაქტებს, ხოლო მის აღმოსაფხვრელად მჭიდროდ სურს თანამშრომლობა ფეხბურთის ფედერაციასთან და სხვა ორგანოებთან. კლუბი მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოდიშს უხდის ქართული ფეხბურთის მესვეურებს, გულშემატკივრებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი