ახალი ამბები

ენმ მხოლოდ R2-სა და ნიკა გვარამიაზე დგას – კალაძე

20 მაისი, 2019 • 1263
ენმ მხოლოდ R2-სა და ნიკა გვარამიაზე დგას – კალაძე

ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა დაშლილია, ხოლო ეს პარტია დღეს მხოლოდ რუსთავი 2-სა და მის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე დგას.

ნაციონალური მოძრაობა დაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას დღეს ნაციონალური მოძრაობა, ეს არის ტელეკომპანია რუსთავი 2 და ნიკა გვარამია”, – განუცხადა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა.

გუშინ, 19 მაისს ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არ შეიძლება „წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება“ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკოსის ნათქვამი, „გამოვალ ხვალ და რევოლუციას დავიწყებ“, სასოწარკვეთაში აგდებს ამომრჩეველს.

თავად მელია საკუთარ განცხადებაში კრიტიკულს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ აქციების გამართვის წინააღმდეგი არაა, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველა მნიშვნელოვანი განცხადება ჯერ გუნდის შიგნით უნდა გახდეს მსჯელობის საგანი.

“ეს არ ნიშნავს, რომ აქცია არ უდნა დაიწყოს, რომ ძალადობა არ უდნა დაიგმოს, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შენელდეს ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვანი განცხადება ჯერ გახდეს გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი და ამის შემდეგ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ეს არის წარმატების ერთ-ერთი საწინდარი”, – ამბობს მელია.

ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ენმ-ის კანდიდატმა ზუგდიდში, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მას პირველი ტური მოგებული აქვს და სხვა შედეგებთან შეგუებას არ აპირებს. მელიამ მოგვიანებით თქვა, რომ რულოვსსა და მის განცხადებას გულისხმობდა.

ენმ-ის კიდევ ერთი წევრის, ნუგზარ წიკლაურის თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებაზე იმსჯელებს. წიკლაური მიიჩნევს, რომ განცხადება, რომლითაც მელიამ სანდრა რულოვსი გააკრიტიკა არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე ასხამდა წყალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი