ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჰრანტ მიკაელიანი: ფაშინიანს ახლა უკვე სასამართლოს სისტემის კონტროლი სურს

20 მაისი, 2019 • 1004
ჰრანტ მიკაელიანი: ფაშინიანს ახლა უკვე სასამართლოს სისტემის კონტროლი სურს

“ვერ ვიტყვი გადაჭრით, რამდენად წარმატებული იქნება ნიკოლ ფაშინიანის მცდელობა, სასამართლო სისტემაზე კონტროლი დაამყაროს”, – ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში პოლიტიკის საკითხთა მკვლევარი სომხეთში, ჰრანტ მიკაელიანი.

“როდესაც ერთი წლის წინ “ხავერდოვანი რევოლუცია” მოხდა, ნიკოლ ფაშინიანი იმედოვნებდა, რომ ერთი ხელის აქნევით გადაწყდებოდა ხელისუფლების საკითხი, როგორც 2003 წელს საქართველოში. თუმცა ეს ასე არ მოხდა. ინსტიტუტები იგივე დარჩა და 2018 წლის ოქტომბერში ფაშინიანმა რევოლუცია ახლა უკვე პარლამენტში გადაწყვიტა. დღეს კი აღმოჩნდა, რომ ფაშინიანი სასამართლოს მუშაობით არ არის კმაყოფილი. ამისთვის კი ადმინისტრაციული რესურსის მობილიზაციას ახდენს, სტუდენტებს კი სასწავლებელში კი არა, შენობების გადასაკეტად წასვლას მოუწოდებს.

ამით ხელისუფლების შტოების დაყოფის პრინციპი ირღვევა, ასევე, სასამართლოს სისტემის საქმიანობის შესახებ კანონები. ამიტომაც საკამათოა მისი ინიციატივა. ფაშინიანს სასამართლო სისტემის კონტროლი და გარდამავალი მართლმსაჯულების დანერგვა სურს. ამის გაკეთება უფრო რთულია, ვიდრე პარლამენტის შემთხვევაში”, -ამბობს მიკაელიანი.

18 მაისს სომხეთის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. თუკი ბრალი დაუდგინდა, — მას 2008 წლის აქციების დარბევის საქმეზე „კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას“ ედავებიან, — 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მხარდამჭერებს გუშინ საღამოს მოუწოდა, რომ 20 მაისს, დილის 8:30 საათიდან ქვეყნის ყველა სასამართლოს შენობის შესასვლელი გადაკეტონ. ფაშინიანის თანახმად, ეს იქნება „ხავერდოვანი რევოლუციის“ მეორე, „ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი“, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას შეცვლის.

დღეს, 20 მაისს, დილიდან სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მოწოდების შესაბამისად, მისმა მხარდამჭერებმა სასამართლოების შესასვლელების გადაკეტვა დაიწყეს. უმაღლესი სასამართლოს საბჭოს შენობის გარდა, მოქალაქეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესასვლელიც გადაკეტეს. ფაშინიანის ოპონენტთა ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა სასამართლოების შენობების ფანჯრებიც დააზიანეს.

ფაშინიანის მოწოდებას გამოეხმაურა სომხეთის სახალხო დამცველი და კრიტიკულად შეაფასა.  მისი განცხადებით, “პრემიერ-მინისტრის მოწოდება თუ განცხადება რესპუბლიკის მასშტაბით სასამართლოების შენობების შესასვლელებისა და გასასვლელების ბლოკირებაზე საშიშია ქვეყნის სამართლებრივი სისტემის უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის”.

მასალების გადაბეჭდვის წესი