ახალი ამბები

საქართველოს ევროკაშვირში გაწევრების იდეას 77% უჭერს მხარს – NDI-ის კვლევა

20 მაისი, 2019 • 1076
საქართველოს ევროკაშვირში გაწევრების იდეას 77% უჭერს მხარს – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს, 20 მაისს გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა მყარია. მოსახლეობის 77 პროცენტისთვის მისაღებია ევროკავშირში გაწევრება. აღნიშნული მონაცემი 6 პროცენტით ნაკლებია 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მონაცემზე.

ევროკავშირის წევრობას მხარს ყველაზე მეტად უჭერენ 18-34 წლის ახალგაზრდები. ამ ასაკობრივი კატეგორიის ადამიანთა 80%-სთვის მისაღებია საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ, თუმცა მკვეთრად განსხვავებული მონაცემები არც სხვა ასაკობრივ ჯგუფებშია.

NDI-ის კვლევის მიხედვით, 35-54 წლის ადამიანთა 79 პროცენტი ემხრობა საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ. რაც შეეხება 55 და მეტი წლის ადამიანებს, ამ მიზანს მათი 73 პროცენტი უჭერს მხარს, 17 პროცენტი კი წინააღმდეგია. აღნიშნული კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად ევროპულ კურსს მხარს უჭერენ ქალები – 78 პროცენტი. ამ მიზანს კაცების 76 პროცენტი ემხრობა, თუმცა ეს სხვაობა კვლევის ცდომილების ზღვარშია.

ამავე კვლევით, ხვალ რომ რეფერენდუმი ტარდებოდეს ევროკავშირში გაწევრების საკითხზე, მოსახლეობის 68 პროცენტი ამ საკითხს მხარს დაუჭერდა, 14 პროცენტი არ დაუჭერდა, 9 პროცენტმა არ იცის, 7 პროცენტი კი რეფერენდუმში მონაწილეობას არ მიიღებდა.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი