ახალი ამბები

კონსერვატორმა კანდიდატებმა მთაწმინდაზე სულ 560 ხმა მიიღეს — 3.2%

20 მაისი, 2019 • 1438
კონსერვატორმა კანდიდატებმა მთაწმინდაზე სულ 560 ხმა მიიღეს — 3.2%

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში იმ სამმა კანდიდატმა, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც კონსერვატორები, ჯამში, ხმათა 3.2% მიიღეს, — სულ 560 ხმა.

გიორგი ანდრიაძე: 0.79% — 117 ხმა;

მიხეილ-გელა სალუაშვილი: 0.1% — 15 ხმა;

კობა დავითაშვილი: 2.91% — 428 ხმა;


მთაწმინდის ოლქში ყველა, 31-ვე უბნის მონაცემების დათვლის შედეგად მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებში მესამე ადგილი ლევან იოსელიანმა დაიკავა, რომელიც ალეკო ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობას“ წარმოადგენდა. მან 6.55% მიიღო — 964 ხმა.

მეოთხე ადგილზე გავიდა გირჩის კანდიდატი ჰერმან საბო 4.76%-ით. მან 701 ხმა მიიღო.

V ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი გრიგოლ გეგელია 3.14%-ით, — ეს 462 ხმაა.


ნეტგაზეთმა რამდენიმე დღის წინ კანდიდატებს ჰკითხა, რა პოლიტიკურ იდეოლოგიურ პლატფორმაზე იდგნენ.

მიხეილ-გელა სალუაშვილმა გვითხრა: „ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა განსხვავებულია დღევანდელ მსოფლიოში მიღებული კლასიფიკაციისგან. ჩვენი მთავარი მიზანია, მოსახლეობას ვაუწყოთ საქართველოს სულიერი მისიის შესახებ. საქართველოს სულიერი მისია მდგომარეობს იმ უდიდესი ნიშნის ასრულებაში, რასაც ჰქვია უფალი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის წინარე დროის დადგომის დადასტურება. ის ნიშნები, რითაც უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლა უნდა შევიცნოთ, საქართველოში მომხდარი ისტორიული მოვლენების ფონზე მიმდინარეობს, რომელთა შესახებ ნაწინასწარმეტყველებია ბიბლიასა და სხვა წმინდა წერილებში. ამ ინფორმაციის გადმოცემა არის ჩვენი მთავარი მიზანი მოსახლეობისთვის, რომელშიც აკუმულირებულია პოლიტიკური მიმდინარეობის თითქმის სამივე და სხვადასხვა გრადაციების ტიპი — მემარცხენე, ცენტი, მემარჯვენე, ტრადიციონალისტური და ა.შ“.

გიორგი ანდრიაძემ გვითხრა: „მთელი ჩემი ბიოგრაფიით, მე ვარ ეროვნული იდეოლოგიის წარმომადგენელი… სოციალურ-ეკონომიკურ ასპექტებში ჩემი პოლიტიკური კრედო არის მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაცია, იდეოლოგიურად კი ვარ კონსერვატიულ ფლანგზე, ეროვნული პლატფორმის მქონე“.

რაც შეეხება კობა დავითაშვილს, — მისი ერთ-ერთი ბოლო აქტივობა საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნა იყო მას შემდეგ, რაც სასამართლომ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ პლატფორმად მან ანტილიბერალურ ფრთაზე ყოფნა არჩია. მისი საარჩევნო კამპანია მეტწილად ჰომოფობიურ მესიჯებს ეფუძნებოდა.

დეტალებისთვის, გირჩევთ, გაეცნოთ:

მთაწმინდის არჩევნების გზამკვლევი — აუცილებელი საკითხავი

მასალების გადაბეჭდვის წესი