ახალი ამბები

სანდრა რულოვსი: პირველივე ტურში მოვიგებთ, სხვა შედეგებს არ შევეგუები

19 მაისი, 2019 • 1465
სანდრა რულოვსი: პირველივე ტურში მოვიგებთ, სხვა შედეგებს არ შევეგუები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მას პირველი ტური მოგებული აქვს და სხვა შედეგებთან შეგუებას არ აპირებს:

„მე არ ვიცი, რას აპირებენ მეორე ბანაკში. ჯერ ჩუმად არიან. ჯერ თათბირობენ, ფოკუსები მიმდინარეობს დახურულ სივრცეებში. და თუ გამოაცხადებენ პირველ ტურში გამარჯვებას, ჩვენ ამას არანაირად არ შევეგუებით იმიტომ, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. პირველი ტური მათ არა აქვთ მოგებული. ჩვენ გვაქვს მოგებული პირველი ტური და არ დავუშვებთ მეორე ტურს იმიტომ, რომ არ გვჭირდება“, — მიმართა რულოვსმა განმუხურში შეკრებილ მხარდამჭერებს.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით, ზუგდიდში, მარნეულში და ზესტაფონში არჩევნებს პირველივე ტურში იგებს “ქართული ოცნება”, რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ აქ არის მეორე ტურის ალბათობა.

“თუ ისინი მაინც გამოაცხადებენ [პირველ ტურში გამარჯვებას], მაშინ ვისაც უნდა, გამომყვეს მთელ საქართველოში, იმიტომ, რომ ეს არ არის მარტო ზუგდიდის ამბავი. მთელ საქართველოში, სოფელ-სოფელ, როგორც ზვიად გამსახურდია დადიოდა მაშინ, რეფერენდუმის დროს, მეც მზად ვარ ამ ქვეყნისთვის ამ ნაბიჯის გადასადგმელად. თითოეული სოფლიდან მე თუ არ გამომყვებიან თბილისამდე, იმ შუშის სასახლემდე, მე არ ვიცი. თქვენ იცით, რა გელოდებათ. მე არ გირჩევთ, რომ პირველ ტურში გამარჯვებულად გამოაცხადოთ თავი იმიტომ, რომ მე [საბრძოლველად] მზად ვარ. თქვენ კიდევ არ მიცნობთ. ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვხუმრობ. ამიტომ თქვენს გასაგებად გეუბნებით: ჩვენ მოგებული გვაქვს პირველი ტური. თუ ისინი გამოაცხადებენ, მიიღებენ მთელი ქვეყნის პროტესტს.”

საარჩევნო უბანი განმუხურში, სადაც ამჟამად სანდრა რულოვსი იმყოფება, გარშემორტყმულია პოლიციელებით, რომლებიც ამბობენ, რომ საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი