ახალი ამბები

მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა, ჰპირდებიან ფინანსურ დახმარებას, ალკოჰოლს – გეგელია

19 მაისი, 2019 • 882
მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა, ჰპირდებიან ფინანსურ დახმარებას, ალკოჰოლს – გეგელია

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ არჩევნები მთაწმინდის ოლქში მიმდინარეობს დარღვევით, ამომრჩევლის მოსყიდვითა და მოტყუებით.

“მიმდინარეობს ამომრჩევლის მოსყიდვა. ამ ადამიანებს ჰპირდებიან ფინანსურ დახმარებას, ალკოჰოლს და სხვა სიკეთეებს. ქართული პოლიტიკა ვერ გათავისუფლდა ფულის ტყვეობიდან. ქართული დემოკრატია სულს ღაფავს და სამწუხაროა, რომ ამ არჩევნებზე, სადაც ჩვენ ველოდით უფრო მეტ თავისუფლებას, თუნდაც შეფარულ თავისუფლებას, ვერავითარ თავისუფლებას ვერ ვხედავთ კანდიდატების ბრძოლას შორის,“ – თქვა გეგელიამ დღეს, 19 მაისს, საარჩევნო პროცესის შეფასებისას.

მისივე თქმით, არჩევნები არ მიმდინარეობს თავისუფალ გარემოში და ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ახდენენ მმართველი პარტიის დამკვირვებლები და კოორდინატორები.

“ქართული დემოკრატია კვლავაც იმყოფება დიდი ფულის, აგიტატორებისა და კოორდინატორების ტყვეობის მდგომარეობაში. შეინიშნა არაერთი დარღვევა ამ ოლქში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოჩნდა, რომ აქტივობა არის საკმაოდ დაბალი , რაც, თავის მხრივ, ცუდია ყველა მხარისათვის, ამის შემდეგ გამოჩნდა მასობრივი მობილიზება მთელ რიგ უბნებზე”, – აღნიშნა გეგელიამ და დასძინა, რომ იცის კონკრეტული შემთხვევის შესახებ, როცა იყო ე.წ. კარუსელის მცდელობა.

“ეს არისპირდაპირი უარყოფა ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის, ნებისმიერი კოლეგიალიზაციის, ნებისმიერი ეთიკის, თანასწორობის და თავისუფლების საარჩევნო საქმეში”, – აცხადებს გეგელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი