ახალი ამბები

სააკაშვილი: ვაპირებთ, ბოლომდე შევუსრულოთ ივანიშვილს – ვათანძარა ოჩოკოჩს

19 მაისი, 2019 • 1004
სააკაშვილი: ვაპირებთ, ბოლომდე შევუსრულოთ ივანიშვილს – ვათანძარა ოჩოკოჩს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე გამოქვეყნებული ვიდეოთი მოუწოდებს მხარდამჭერებს, ნუ დაკომპლექსდებიან და ნუ შეეშინდებათ “ქართულ ოცნებასთან” ბრძოლის.

“ნურავის ნუ შეგეშინდებათ. ვიღაცებს ჩანაწერი გამოუგდეს, ასე აპირებენ, ისე აპირებენ. დიახ, ვაპირებთ, ვაპირებთ, რომ ივანიშვილს – ვათანძარა ოჩოკოჩს (მეგრ. ვიგინდარა ტყის კაცი) ბოლომდე შევუსრულოთ. ჩანაწერის გარეშე გეუბნებით პირდაპირ. ვაპირებთ ამას და საერთოდ არ ვმალავთ, არაფერი კომპლექსი ამაზე არ გვჭირდება. ჩვენ უნდა მივაწვეთ ბოლომდე. გადმოვლენ ცემა-ტყეპაზე? ისეთ პასუხს მიიღებენ, ცოტა არ მოეწონებათ, ამიტომ არ ვურჩევ არავის”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მან მოუწოდა “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, “ნუ ჩაჰყვებიან საფლავში ივანიშვილს”.

სააკაშვილი ამბობს, რომ ყველაფერი იწერება, ფიქსირდება და თუ ვინმე კანონს დაარღვევს, შესაბამისად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

“ყველაფერი ფიქსირდება, ყველაფერი იწერება, კამერებია ყველგან, ლაივ ჩართვებია ყველა მხრიდან, ყველა სია აღრიცხულია, კომპიუტერებში ყველგან შესულები ვართ, ასე რომ, ყველაფერი ვიცით და ყველაფერს ექნება სამართებრივი რეაგირება”, – თქვა სააკაშვილმა უცხოეთიდან ფეისბუკზე პირდაპირი ჩართვისას.

დღეს, 19 მაისს, პარლამენტის შუალედურ არჩევნებთან ერთად, იმართება რიგგარეშე არჩევნები რეგიონების ნაწილში, მათ შორის, ზუგდიდში, სადაც ქალაქის მერობისთვის სააკაშვილის ცოლი, ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც იბრძვის.

ოცნება ოპოზიციას დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს, ენმ უარყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი