ახალი ამბები

სრული აბსურდია – მოქალაქე თალაკვაძის ბრალდებაზე დესტაბილიზაციის შესახებ

19 მაისი, 2019 • 1116
სრული აბსურდია – მოქალაქე თალაკვაძის ბრალდებაზე დესტაბილიზაციის შესახებ

მოქალაქე ნინო ცისკარიშვილი, რომლის სახელი და გვარიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დაასახელა, როგორც დესტაბილიზაციის დამგეგმავი, ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი საუბარი არ ჰქონია.

თალაკვაძემ 19 მაისს, ნაშუადღევს, ზუგდიდში გამართულ ბრიფინზე წარადგინა დაახლოებით წუთნახევრიანი ჩანაწერი, სადაც ორი ქალის ხმა ისმის; ერთ-ერთი ხმა ამბობს, რომ აჭარა უნდა „ადუღდეს“, შემდეგ კი მას სხვა რეგიონებიც შეუერთდნენ. ის ასევე ამბობს, რომ საჭიროა, ხალხი დაიძრას თბილისისკენ დასავლეთიდანაც და აღმოსავეთიდანაც და შეიქმნას „კონტროლირებადი გვირაბი“.

თალაკვაძის თანახმად, ადამიანები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ, არიან „მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები – სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე“.

ცისკარიშვილმა ეს ინფორმაცია შემდეგი სიტყვებით უარყო: „მსგავსი არაფერი ყოფილა. სალომე ჭალიძეს თუ ჭელიძეს, რომ გითხრათ, რომ კარგად ვიცნობ-მეთქი [მოგატყუებთ]… არ ვიცნობ, უბრალოდ რამდენჯერმე ვარ შენახვედრი. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ამ თემაზე არც ვისაუბრებდი და ვერც ვისაუბრებდი. ეს [ბრალდება] არის სრული აბსურდი“.

მოგვიანებით მან ჟურნალისტებს უთხრა: „მსგავსი არ მახსოვს… მე იმ ადამიანთან ერთი-ერთზე ან ორნი რომ დავმსხდარიყავით, არ გვისაუბრია. რაღაც შეხვედრები იყო, სადაც იყო ხალხის გარემოცვა. მსგავსი არაფერი, რა ავადუღო“.

„ადუღებაში რა იგულისხმება?“, — იკითხა ცისკარიშვილმა, რაზეც ჟურნალისტებმა უპასუხეს, — „სიტუაციის არევა“. „ეს გადათარგმნა ბატონმა თალაკვაძემ ასე… არ შეიძლება, რა. დღეს მთელი დღეა, გაჩხერილი ვყავარ თალაკვაძეს“, — თქვა მან.

„რამდენიმე დღეა ვიმყოფები ზუგდიდში, ვაკვირდები უბნებს, აღმოვაჩინე ძალიან ბევრი დარღვევა, მათ შორის სამაგიდო სიების გადაცემა… ეტყობა, ყელში ვყავარ დღევანდელ ხელისუფლებას იმიტომ, რომ ისინი აპირებენ ამ არჩევნების გაყალბებას და აღარ იციან, რა ხრიკს მიმართონ“.

ცისკარიშვილის თქმით, ის ენმ-ის მხარდამჭერი და წევრი კი არის, მაგრამ: „არანაირი ახლო ურთიერთობა არ მაქვს [რულოვსთან ან სააკაშვილთან]. არ ვყოფილვარ არანაირ თათბირზე… მსგავსი შინაარსის საუბარი არ მქონია“.

მანამდე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ის ორი პიროვნება, რომლებიც დასახელებულნი არიან ჩანაწერში, არ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის წევრები“.

„თუმცაღა, ჩვენ ვგმობთ აბსოლუტურად ყველა ტიპის განცხადებასაც კი ძალადობის შესახებ. ამიტომ მოვუწოდებთ შსს-ს, გამოიძიოს, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური, რა პირობებში მოხდა ამის ჩაწერა. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია რაიმე ტიპის თათბირზე, რადგან, ვიმეორებ, ისინი შტაბის წევრები არ არიან“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

თალაკვაძემ განაცხადა, რომ ეს ჩანაწერი უკვე გადასცეს შესაბამის ორგანოებს და „შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება“ მოითხოვეს.

ოცნება ოპოზიციას დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს, ენმ უარყოფს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი