ახალი ამბები

ოცნება ოპოზიციას დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს, ენმ უარყოფს

19 მაისი, 2019 • 998
ოცნება ოპოზიციას დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს, ენმ უარყოფს

“ქართული ოცნება” “ნაციონალურ მოძრაობას” დესტაბილიზაციის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ზუგდიდში, მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა და წარადგინა აუდიოჩანაწერი, რომელიც, მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო თათბირიდან პარტიის შტაბის წევრებმა გამოიტანეს და “ოცნების” შტაბს მიაწოდეს.

თალაკვაძის თქმით, ჩანაწერის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები – სავარაუდოდ, ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე არიან.

“ჩანაწერში ისინი საუბრობენ, როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა, მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს.

ეს ჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება”, – თქვა თალაკვაძემ

არჩილ თალაკვაძის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი დაახლოებით 1.5-წუთიანია. ჩანაწერში ორი ქალის ხმა ისმის, რომელთაგან ერთ-ერთი ამბობს, რომ აჭარა უნდა “ადუღდეს”, შემდგომ კი მას სხვა რეგიონებიც შეუერთდნენ. ის ასევე ამბობს, რომ საჭიროა, ხალხი დაიძრას თბილისისკენ დასავლეთიდანაც და აღმოსავლეთიდანაც და შეიქმნას “კონტროლირებადი გვირაბი”.

საპასუხო განცხადებით “ნაციონალურ მოძრაობაში” გამორიცხეს პარტიის შტაბის რაიმე სახის კავშირი თალაკვაძის მიერ დასახელებულ ორ ქალთან. მისი თქმით, ერთ-ერთს პირადადაც იცნობს და აღნიშნულ პირებთან კომუნიკაცია აუცილებლად შედგება.

“ის ორი პიროვნება, რომლებიც დასახელებულნი არიან ჩანაწერში, არ არიან “ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრები. თუმცაღა, ჩვენ ვგმობთ აბსოლუტურად ყველა ტიპის განცხადებასაც კი ძალადობის შესახებ. ამიტომ მოვუწოდებთ შსს-ს, გამოიძიოს, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური, რა პირობებში მოხდა ამის ჩაწერა. აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ეს ჩანაწერი გაკეთებულია რაიმე ტიპის თათბირზე, რადგან, ვიმეორებ, ისინი შტაბის წევრები არ არიან”, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი