ახალი ამბებიხელოვნება

ცნობილმა ქართველმა ქორეოგრაფმა საბოტაჟი მოუწყო ფილმს – ლევან აკინი

18 მაისი, 2019 • 5832
ცნობილმა ქართველმა ქორეოგრაფმა საბოტაჟი მოუწყო  ფილმს – ლევან აკინი

ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” რეჟისორი ლევან აკინი “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში იმ დაბრკოლებებზე საუბრობს, რომელიც ფილმის გადაღების პროცესში საქართველოში შეექმნათ.

ქართული წარმოშობის რეჟისორი ამბობს, რომ ფილმის გადაღების პროცესში საქართველოსგან  დიდი მხარდაჭერა  არ მიუღია,  იმ ორგანიზაციებმა და ხალხმა, რომლებიც ევროკავშირისგან ფინანსდებიან, საბოტაჟი მოუწყვეს. რეჟისორის თქმით, პროექტი ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის ქმედებებმაც დააზარალა, თუმცა აკინი მის ვინაობას არ ასაჯაროებს, ისედაც ცხადიაო:

“მე ვწუხვარ, რომ ჩვენ დიდი მხარდაჭერა არ მიგვიღია საქართველოსგან. ეს უბრალოდ ფაქტია. მე ვისურვებდი, მეთქვა, რომ ასე არ ყოფილა, მაგრამ არა. არა მხოლოდ მხარდაჭერა არ მიგვიღია, არამედ საბოტაჟიც კი მოგვიწყო იმ ხალხმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც  ფულს ევროკავშირის უწყეებისგან და ფონდებისგან დემოკრატიზაციის მხარდაჭერისთვის.

ამის გამო მე ძალიან შეურაცხყოფილი და შოკირებული ვიყავი. განსაკუთრებით ერთი პიროვნებისგან, რომელიც არის ძალიან დიდი და ცნობილი ქორეოგრაფი. მან არა მხოლოდ საბოტაჟი მოუწყო ჩვენს ფილმს, არამედ ძალიან გვაზარალა თავისი ქმედებებით და მე ამას არასოდეს დავივიწყებ. ვფიქრობ არ მჭირდება [ამ ადამიანის] დასახელება, ისედაც  ყველაფერი ცხადია. ეს არაფრის მომტანია” – ამბობს ლევან აკინი “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


„და ჩვენ ვიცეკვეთ“ ეროვნებით ქართველი შვედი რეჟისორის, ლევან აკინის გეითემატიკაზე შექმნილი ქართულ-შვედური ფილმია, რომლის პრემიერაც წელს კანის კინოფესტივალზე შედგა. ფრანგულ და ინგლისურენოვან მედიაში ფილმის არაერთი რევიუ გამოქვეყნდა, სადაც ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ფილმი უაღრესად ბუნებრივ, რეალურ შთაბეჭდილებას ტოვებს და დაცლილია პროვოკაციულობისგან. გამოცემა Franceinfo-ს სტატიაში აღნიშნულია, რომ  ეს არის ფილმი ჰომოსექსუალობასა და ნაციონალურ ცეკვაზე არატოლერანტულ საქართველოში.

ინტერვიუ ქართული გეი დრამის მსახიობებთან

—-
მთავარ ფოტოზე: კადრი გოგი გვახარიას ინტერვიუდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი