ახალი ამბები

“ოჯახის სიწმინდის დღე” საპატრიარქომ მსვლელობით და კონცერტით აღნიშნა

17 მაისი, 2019 • 2655
“ოჯახის სიწმინდის დღე” საპატრიარქომ მსვლელობით და კონცერტით აღნიშნა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ 17 მაისს “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით, რომელიც 2014 წელს ილია მეორემ დააწესა, წელსაც მსვლელობა მოაწყო.

მსვლელობის მონაწილეები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და სამების ტაძარში მივიდნენ, სადაც ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც სამების ეზოში კონცერტი გაიმართა.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.

მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა  გაღწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი