ახალი ამბები

ქვიარ აქტივისტის თქმით, პოლიციამ შეურაცხყოფა მიაყენა და დროშის გაშლის საშუალება არ მისცა

17 მაისი, 2019 • 1327
ქვიარ აქტივისტის თქმით, პოლიციამ შეურაცხყოფა მიაყენა და დროშის გაშლის საშუალება არ მისცა

ნიკა წიქარიშვილის თქმით, ის და რამდენიმე ქვიარ აქტივისტი პოლიციამ თბილისში, თავისუფლების მოედანზე დააკავა, გაჩხრიკა, მობილური ტელეფონი წაართვა და ტერიტორია იძულებით დაატოვებინა.

როგორც აქტივისტი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, აღნიშნულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის ინტერვიუს მისაცემად მივიდნენ და ქვიარ დროშის გაშლას გეგმავდნენ:

“ვიღაც ადამიანები გამოგვყვნენ უკან, რომლებსაც ფორმა არ ეცვათ. ჩემი ძმა, გამოგვყევიო, გვითხრეს. დავინტერესდი ვინ იყვნენ, მითხრეს, რომ პოლიციის თანამშრომლები არიან. საბუთების წარმოდგენა ვთხოვე, რაზეც უარი მითხრეს. ფორმიან პოლიციელს ვთხოვე დახმარება. შემდეგ ისიც მოვიდა- კი, კი წამოდიო, გადაგვიგრიხეს ხელები და წაგვიყვანეს.

ჩიხში შეგვიყვანეს და გაგვჩხრიკეს, ტელეფონები წაგვართვეს. ვერაფერი რომ ვერ გვიპოვეს, დაგვიწყეს, ნუ ყვირიხართ, ბიჭო, ახლა ჩვენ მოგხედავთო. ჰომოფობურად იყვნენ განწყობილი. ვეკითხებოდი, თუ ვიყავი დაკავებული და რა მუხლით, მპასუხობდნენ დაკავებული არა, გაკავებული ხარო” ,- ჰყვება ნიკა წიქარიშვილი “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, პოლიციამ ტერიტორიის დატოვების საშუალება ნახევარი საათის შემდეგ მისცა, თუმცა უკან გაჰყვნენ:

“ტაქსისაც არ უშვებდნენ თავისუფლების მოედანზე, რომ გავყოლოდით. უკან მოგვყვებოდნენ. შემდეგ დაგვსვეს პოლიციის მანქანაში, ბიჭებო, არ ინერვიულოთ, ჩვენ მოგხედავთო. კარი ჩაგვიკეტეს და მანქანას არ აჩერებდნენ, რომ ვერ გადმოვსულიყავით. გზაში ისევ დაგვცინოდნენ, ბოლოს ვაკეში ჩამოგვსვეს” , – იხსენებს წიქარიშვილი

წიქარიშვილი ამბობს, რომ პოლიციელებმა, სავარაუდოდ, ქვიარ დროშა ან სტიკერი დაინახეს, რომელიც  აქტივისტებს თან ჰქონდათ.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ საკითხს გენერალური ინსპექცია სწავლობს:

“გენერალური ინსპექცია სწავლობს აღნიშნულ საკითხს და შესწავლის შედეგები გეცნობებათ დაუყოვნებლივ. გენერალური ინსპექციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ აღნიშნულ მოქალაქეს, თუმცა მან ამ ეტაპზე უარი განაცხადა სამინისტროში მოსვლაზე”, – ამბობენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი