ახალი ამბები

ევროსაბჭომ რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას მხარი დაუჭირა

17 მაისი, 2019 • 3110
ევროსაბჭომ რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას მხარი დაუჭირა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენას.

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ჰელსინკიში გაიმართა, წევრი ქვეყნების უფლებების, ვალდებულებებისა და პრიორიტეტების შესახებ გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების ლობირებით შემუშავებული განცხადება მიიღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ:

  • ყველა წევრ სახელმწიფოს თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისა და საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში და მიესალმებიან, ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაციამ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში;
  • წევრი სახელმწიფოების ერთ-ერთი ფუნდამენტური ვალდებულებაა, საერთო ბიუჯეტში საწევრო გადაიხადოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, საქართველომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 14 მაისს, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის ფორმატში, უკრაინასთან და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან ერთად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა.

“ჩვენ  მხარი არ დავუჭირეთ ამ ინიციატივას. მინისტერიალზე ჩემს გამოსვლაში აღვნიშნე, რომ აუცილებელია, ეს ორგანიზაცია დარჩეს პრინციპების ერთგული, დარჩეს ერთგული იმისა, რომ ქვეყნებს, რომლებიც არ ასრულებენ ვალდებულებებს,  ამაზე პასუხი მოეთხოვოს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

რაც შეეხება მინისტერიალში საქართველოს დეგელაციის მონაწილეობას, ზალკალიანის თქმით, მინისტერიალზე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის თემა ფართოდ იყო წარმოდგენილი, რადგან დამტკიცდა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული მოხსენება საქართველოში კონფლიქტის თაობაზე, შესაბამისად, ღონისძიებაზე მაღალ დონეზე მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო.

მისივე თქმით, რუსეთის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უნდა მიიღოს. ზალკალიანმა იმედი გამოთქვა, რომ დელეგატები ამ გადაწყვეტილებაზე შესაბამის შეფასებებს გააკეთებენ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვა, აღნიშნა რა, რომ “სანქციების დასრულება რუსეთთან ნორმალიზაციის პროცესის დაწყებას ნიშნავს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც მან ჩაიდინა”.

“პოლიტიკოს” ინფორმაციით, კიევის გარდა, შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს გაერთიანებულმა სამეფომ, პოლონეთმა, საქართველომ, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ. შესაბამისად, დოკუმენტი კვალიფიციური უმრავლესობით იქნა მიღებული.

მოსკოვი ჰელსინკიში მიღებულ განცხადებას მიესალმა და კრიზისის მოგვარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთს, ყირიმის ანექსიის გამო, 2014 წლიდან ჩამორთმეული აქვს ხმის უფლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) და მხოლოდ პლენარულ სხდომებზე დასწრება შეუძლია.

საპასუხოდ, მოსკოვმა შეაჩერა ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ბიუჯეტში 33 მილიონი ევროს გადახდა, რაც მთელი ბიუჯეტის 7%-ია და ფინანსური კრიზისი გამოიწვია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი