ახალი ამბები

ეთნიკური უმცირესობები ყველაზე მეტად რელიგიურ ორგანიზაციებს და ევროკავშირს ენდობიან – კვლევა

17 მაისი, 2019 • 3953
ეთნიკური უმცირესობები ყველაზე მეტად რელიგიურ ორგანიზაციებს და ევროკავშირს ენდობიან – კვლევა

“ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები ყველაზე მეტად საკუთარ რელიგიურ ორგანიზაციებს ენდობიან. შემდეგ ადგილებზე მოდიან ევროკავშირი, საქართველოს პოლიცია და მასმედია. ეთნიკურმა უმცირესობებმა გამოკვეთილი უნდობლობა გამოავლინეს სომხეთის, აზერბაიჯანის და რუსეთის ხელისუფლებების მიმართ. უნდობლობის ველში მოხვდა აგრეთვე საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიები, თურქეთის ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი.

დიაგრამა: სოც. და პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი ნდობის ხარისხი

[5-ქულიან სკალაზე 1 აღნიშნავს „საერთოდ არ ვენდობი“, 3 ქულა – „იმდენადვე ვენდობი, რამდენადაც არ ვენდობი“ და ქულა 5 – „სავსებით ვენდობი“. ნეიტრალური შეფასება 3 ქულაა, მასზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი ნეგატიური შეფასების, ხოლო მასზე მაღალი – პოზიტიური შეფასების ველში თავსდება].

ამასთან, ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების შიგნით აღნიშნული სისტემების/ორგანიზაციების/ქვეყნების ხელისუფლებების მიმართ მცირედ განსხვავებული ტენდენციები ვლინდება. მაგალითად, სომხური თემის წარმომადგენლები მკვეთრად დაბალ ნდობას თურქეთის ხელისუფლების მიმართ ავლენენ; აზერბაიჯანული თემის რესპონდენტები ნეგატიურ და ყველაზე დაბალ ნდობას – სომხეთის ხელისუფლების მიმართ, ქისტები – რუსეთის ხელისუფლების მიმართ. ოსური თემის წარმომადგენლებს ყველაზე დაბალი ნდობა სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებების მიმართ აქვთ. ხოლო ურბანული მცირე ეთნიკური თემების წარმომადგენლები ყველაზე ნაკლებად აზერბაიჯანის ხელისუფლებას ენდობიან.

კვლევის თანახმად, ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ყველაზე ადეკვატური და პროპორციული წარმომადგენლობა 2016 წლის მოწვევის პარლამენტში გვხვდება. ისინი 11 წევრით არიან წარმოდგენილი, რაც დეპუტატთა საერთო რაოდენობის 7.3%-ს შეადგენს. კვლევის მონაწილეთა 74.5%-ის თქმით, მათ მონაწილეობა მიიღეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მათმა 65.5%-მა გამოხატა მზაობა, რომ აპირებდა ხმის მიცემას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რესპონდენტთა 91.2%-ს არასდროს მიუღია მონაწილეობა საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში.

კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს არც ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური პარტიები და არც კვოტირების პრაქტიკა, რომელიც წაახალისებს პარტიებში ამ ჯგუფების წარმომადგენლების ყოფნას. რესპონდენტთა დაახლოებით 70%-ს ან არ გაუგია, ან უარყოფს პარტიების ეთნიკურ უმცირესობებთან თანამშრომლობას რაიმე მიმართულებით. რესპონდენტთა მხოლოდ 12.6% აცხადებს, რომ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციონირების კუთხით – იმ რვა მუნიციპალიტეტში (გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა), რომლებიც ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილითაა დასახლებული, საშუალოდ 779 ეთნიკურ ქართველს ჰყავს ერთი წარმომადგენელი საკრებულოში, მაშინ როდესაც 1 116 სომხურ და 2 945 აზერბაიჯანულ მოსახლეობას თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავს ამ ორგანოში. გამოკითხვამ აჩვენა, რომ 2 წლის განმავლობაში რესპონდენტთა მხოლოდ 14.4%-ს მიუმართავს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის რაიმე პრობლემის მოსაგვარებლად. რესპონდენტთა დიდ უმრავლესობას (83.6%-ს) თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში (წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა, საკრებულოს სხდომებზე დასწრება, სამუშაო პრიორიტეტების განსაზღვრა და ა.შ.) არ მიუღია მონაწილეობა.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, კვლევის თანახმად, მათ მხოლოდ 24.3% ენდობა. რესპონდენტთა 54.8%-მა  არ იცის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო თემატიკა, ან – თვით მათი არსებობაც კი თავიანთ რეგიონში.

რაც უფრო მაღალია ქართული ენის ცოდნის დონე, მით უფრო მატულობს რესპონდენტთა ინფორმირებულობაც და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაც.

დიაგრამა: ქართული ენის ცოდნის ინდექსი

სახელმწიფო ენის ფლობის ინდექსის საშუალო მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ქისტებში (22.11 – 25 ქულიდან), შემდეგ ოსებში – საშუალო ქულით 21.67, ურბანულ მცირე ეთნოსებში სომხებში – 10.56 და აზერბაიჯანელებში – 9.67.

გენდერული ნიშნით ძირითადად მსგავსი ტენდენციები ვლინდება რესპონდენტების დამოკიდებულებებში, თუმცა მაინც არის გარკვეული სხვაობა ქმედების დონეზე. მაგალითად, უფრო მაღალია კაცების სოციალური კაპიტალი და შესაძლებლობები, რომ ჩართულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში. რაც შეეხება რესპონდენტთა ასაკობრივ ჯგუფებს, სპეციფიკურობით ხასიათდებიან 18-24 და 25-34 ასაკობრივი კატეგორიების წარმომადგენლები. რიგი საკითხების მიმართ უფრო მეტად კრიტიკულები, ინფორმირებულები და დაინტერესებულები არიან, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. მაგალითად, აზერბაიჯანულ თემში განსაკუთრებით ვლინდება ქართული ენის არცონდის პრობლემა, რაც შემდეგ ამ ჯგუფისთვის სხვა სირთულეებს განაპირობებს.

გამოკითხულთა 28.7% ეკონომიკურად არააქტიურია, ხოლო 23.7% – უმუშევარი, რაც საქართველოს მოსახლეობის უმუშევართა რიცხვის საერთო მაჩვენებელს აღემატება.


დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ პირველი ყოვლისმომცველი ანგარიშია, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობას აფასებს. კვლევით გამოვლენილი სურათის გათვალისწინებით მომზადებულია სარეკომენდაციო დოკუმენტი სახელმწიფოსთვის, რათ მან ინტეგრაციისა და ჩართულობისკენ მიმართული ეფექტური პოლიტიკა შეიმუშაოს.

კვლევა 2018-2019 წლებში სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა და მოიცავს როგორც ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის, ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკაში ჩართულობის საკითხებზე მანამდე მომზადებული კვლევებისა და დოკუმენტების ანალიზს, ასევე, რაოდენობრივი და ფოკუსჯგუფების მეთოდით  შეკრებილ მონაცემებს.  რაოდენობრივი კვლევის პროცესში გამოკითხულ იქნა 1324 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით.  აღნიშნული შერჩევის ზომის მიხედვით, კვლევის შედეგები რეპრეზენტატულია საქართველოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის 2.7%-იანი შერჩევის ცდომილებითა და 95%-იანი სანდოობის ინტერვალით.  კვლევაში აქცენტი უმეტესწილად ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლების პოზიციაზე გაკეთდა, რომლებიც კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ცხოვრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი