ახალი ამბები

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაფიცვას განაგრძობენ

17 მაისი, 2019 • 1623
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები გაფიცვას განაგრძობენ

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის 5 ძირითადი და რამდენიმე დამხმარე საამქროს მუშები გაფიცვას განაგრძობენ.

მუშებს ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ – ხელფასის მომატება და სამცვლიანი სისტემიდან ოთხცვლიანზე გადასვლა. როგორც “ნეტგაზეთს” რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მარკეტინგის მენეჯერმა სალომე იასეშვილმა განუცხადა,  გაფიცულ მუშებთან შეხვედრა გამართა ქარხნის დირექტორის მოადგილემ არჩილ მელიქიძემ და ხელმძღვანელობის შეთავაზება გააცნო, რაც არსებული ხელფასის შენარჩუნებით  სამცვლიანი სისტემიდან ოთხცვლიანზე გადასვლას გულისხმობს. სალომე იასეშვილის განმარტებით, საათობრივ ანაზღაურებაში ეს ხელფასების დაახლოებით 23%-ით ზრდას ნიშნავს, რადგან სამუშაო საათები მცირდება.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაცია შეთავაზებაზე პასუხს გაფიცული მუშებისგან დღის მეორე ნახევარში ელოდება.

მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლები კი ხელფასის 50%-ით ზრდას ითხოვენ და საპროტესტო აქციას აგრძელებენ.

“ჩვენ გვინდა 50%-ით მომატება და 4-ცვლიანის გაკეთება. ახლა ჩვენ დავილაპარაკებთ. “ფოლადსადნობის” თანამშრომლებს ორშაბათს გასცემენ პასუხს. ჩვენ არ ვიშლებით, სანამ ყველა ცეხის, “ფოლადსადნობი” იქნება ეს თუ სხვა, მოთოვნებს არ დააკმაყოფილებენ”, – განაცხადა აქციის მონაწილემ გიორგი ტყემალაძემ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის  100-მდე მუშა გუშინ, 16 მაისს გაიფიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი