ახალი ამბები

ჩვენ გვკლავენ, მაგრამ არ დავთმობთ საჯარო სივრცეს – თბილისი პრაიდი [video]

16 მაისი, 2019 • 1774
ჩვენ გვკლავენ, მაგრამ არ დავთმობთ საჯარო სივრცეს –  თბილისი პრაიდი [video]

“ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში, გვივარდებიან სახლებში, გვაგდებენ ოჯახებიდან. ჩვენ გვკლავენ, გვდევნიან,  მაგრამ არ გვინდა გაქცევა. ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრება”, – აცხადებენ ლეზბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანები.

“ჩვენ სათქმელი გვაქვს თქვენთვის”, – მოქალაქეებს  ვიდეოთი მიმართეს ლგბტქი ჯგუფის წევრებმა 16 მაისს. 

“ჩვენ გვაწუხებს ქვეყანაში არსებული სიღარიბე, უმუშევრობა, ოკუპაცია და სოციალური უთანასწორობა. ჩვენ გვიყენებენ ამ და სხვა სოციალური პრობლემების გადასაფარად. საჯარო სივრცე გვეკუთვნის ჩვენც და არ დავთმობთ მას. ჩვენი ყოფა არ შემოიფარგლება იმით, რომ სახლში რაც გვინდა, ის ვაკეთოთ. ის მოიცავს იმის თავისუფლებასაც, ვიყოთ საჯარო. ვიყოთ ისინი, რაც ვართ. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ მშვიდობიან, არაძალადობრივ, შემდგარ სასაზოგადოებაში, რომელშიც ყველა დაცულია. ჩვენ ვებრძვით უსამართლობას. ჩვენ არ ვაპირებთ დამალვას”, – აცხადებენ ვიდეოში ჯგუფის წევრები.

ვიდეო თბილისი პრაიდის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა. თბილისი პრაიდის კვირეულს ისინი ივნისში გეგმავენ.

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს, თუმცა ადამიანის უფლებების დამცველები და ლგბტქუ ჯგუფები საჯარო სივრცეში წელს ამ დღის აღნიშნვას არ გეგმავენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი