ახალი ამბები

სასამართლომ გეი ბიჭს მამის მიერ წართმეული სახლი დაუბრუნა – “თანასწორობის მოძრაობა”

16 მაისი, 2019 • 1721
სასამართლომ გეი ბიჭს მამის მიერ წართმეული სახლი დაუბრუნა – “თანასწორობის მოძრაობა”

სასამართლომ გეი ბიჭს მამის მიერ სექსუალური ორიენტაციის გამო წართმეული სახლი დაუბრუნა – ამის შესახებ ლგბტ ადამიანების უფლებადამცველი ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” იტყობინება.

“სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად ცნეს ჩუქების ხელშეკრულებები, რომლითაც მამამ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, არასრულწლოვანი შვილის სახელზე აღრიცხული ქონება, სიძულვილის მოტივით, მამამისს აჩუქა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული ბინიდან მოძალადე მამის და ბაბუის გამოსახლების შესახებ მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ წარდგენილ იქნა არაერთი მტკიცებულება მამის მხრიდან არასრულწლოვან შვილზე ძალადობის განხორციელებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნავს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის თანახმად, ქონების არასრულწლოვანი ბიჭის სახელზე გადაფორმება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა.

“თანასწორობის მოძრაობის” თანახმად, ქონება ბაბუამ თავის არასრულწლოვან შვილიშვილს 5 წლის წინ აჩუქა. თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახმა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ შეიტყო, სახლი მამამ, ბაბუამ და მამიდამ ჯერ ბაბუის, შემდეგ კი მამიდის სახელზე გადააფორმეს.

“კანონმდებლობის მიხედვით, მამას, როგორც მეურვეს, უფლება ჰქონდა, რომ მისი შვილის სახელზე რიცხული ქონება სხვის სახელზე გაეფორმებინა. [თუმცა,] აღსანიშნავია ის, რომ მამის ეს ქმედება განპირობებული იყო დისკრიმინაციული საფუძვლით –  მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს”, – აცხადებს ორგანიზაცია.

“თანასწორობის მოძრაობის” ცნობით, ქონების გაჩუქებამდე მამა ასევე სისტემატურად, კვირაში ორჯერ ან სამჯერ, ფიზიკურად ძალადობდა შვილზე. 2018 წლის თებერვალში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის მუხლით.

მასალების გადაბეჭდვის წესი