ახალი ამბებისამართალი

ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის საქმეზე საქართველოში ორი პირი დააკავეს

16 მაისი, 2019 • 1272
ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის საქმეზე საქართველოში ორი პირი დააკავეს

პროკურატურის ინფორმაციით, კიბერდანაშაულში ბრალდებულ ორ პირს  პატიმრობა შეეფარდა. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბრალდებულების გამოსავლენად ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში-  აშშ-ში, საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, გერმანიასა და ბულგარეთში- განხორციელდა სისხლისსამართლებრივი დევნა.

“კომპლექსური ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულებრივი ქსელი, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ დაზარალებულთაგან 100 მილიონი აშშ დოლარის მოსაპარად   GozNym-ის მავნე პროგრამას იყენებდა,  სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო ოპერაციის შედეგად დაიშალა.

დანაშაულებრივი ჯგუფის გამოსავლენად ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში ჯგუფის წევრების მიმართ უპრეცედენტო სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელდა, რაც აშშ-ს, საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას, გერმანიას, ბულგარეთს, ევროპოლსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შედეგია.
საგამოძიებო ღონისძიებაში ერთობლივად იყო ჩართული  აშშ-ის პენსილვანიის შტატის  დასავლეთ რაიონის პროკურატურა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პიტსბურგის საველე ოფისი. ოპერაცია ჩაატარეს  საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ვერდენის (გერმანია),  ბულგარეთის პროკურატურებთან, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, უკრაინის  პოლიციასთან, მოლდოვის გენერალური პოლიციის ინსპექტორატთან, გერმანიის ლუნბურგის პოლიციასთან, ბულგარეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გენერალურ დირექტორატთან, ევროპოლთან და ევროჯასტთან ერთად.
საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებაში გენერალური პროკურატურასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტრო მონაწილეობდა.

ორი წლის მანძილზე ამერიკელ კოლეგებთან ერთად ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები  ტრანსნაციონალური ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელის იმ მონაწილეების გამოსავლენად და უტყუარი მტკიცებულებების მოსაპოვებლად, რომლებიც დანაშაულებრივ საქმიანობას  საქართველოდან ახორციელებდნენ.

ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებულია კონკრეტული დაზარალებული კომპანიები და  საქართველოში მყოფი ორი პირი.  GozNym-ის ქსელის ლიდერის და ორგანიზატორის, აგრეთვე მისი მთავარი ასისტენტის მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები  შს სამინისტროს თანამშრომლებმა  2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს,”-წერია განცხადებაში.
მთავარი პროკურატორის ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისთვის (საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლი);  კომპიუტერული სისტემიდან კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (158-ე მუხლი); კომპიუტერული მონაცემის და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისთვის (285-ე მუხლი);  ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობისთვის, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (177-ე მუხლი).
პროკურატურაში აცხადებენ, რომ 2019 წლის 9 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი