აზერბაიჯანულ გამოცემას SOCAR-ზე წერა აუკრძალეს

15 მაისს აზერბაიჯანის პროკურტურაში აზერბაიჯანული გამოცემა Criminalaz-ის რედაქტორისგან, ანარ მამედოვისგან მოითხოვეს, შეწყვიტონ სსახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ზე სტატიების გამოქვეყნება. ამის შესახებ თავად ჟურნალისტმა განაცხადა.

როგორც მამედოვი ამბობს, მან პროკურატურის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ აღნიშნული პუბლიკაციების პირველწყარო სხვა გამოცემები იყო. მისივე განმარტებით, მან ოფიციალურად მოითხოვა საჩივრის საფუძველი პროკურატურისგან, თუმცა ვერ მიიღო.

2019 წლის 18 მარტს ანარ მამედოვს 5,5 წლით პირობითი თავსუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ ის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საჯარო მოწოდებებში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დავალიანებების ბრალდებით დამნაშავედ ცნო. 22 მაისს საქმეს ბაქოს სააპელაციო სასამართლო განიხილავს.

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი