ახალი ამბები

“ჯორჯიან მანგანეზი” მუშების გაფიცვას “გარე ძალებსა” და არჩევნებს უკავშირებს

16 მაისი, 2019 • 1214
“ჯორჯიან მანგანეზი” მუშების გაფიცვას “გარე ძალებსა” და არჩევნებს უკავშირებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ ჭიათურაში მუშების დღევანდელი, 16 მაისის გაფიცვა და აქცია “გარე ძალების მიერ არის მართული და მიზნად ისახავს ჭიათურაში დაგეგმილი შუალედური არჩევნების პერიოდში მუშა-მოსამსახურეების გამოყენებას, რაც „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ კატეგორიულად მიუღებელია.”

“ჯორჯიან მანგანეზი” ასევე აცხადებს, რომ 170-მდე თანამშრომელმა მუშაობაზე უარი თქვა. ისინი საკვების ხარისხის გაუმჯობესებას მოითხოვდნენ.

“მიუხედავად იმისა, რომ მათ  „ჯორჯიან მანგანეზისგან“ დასახელებული მოთხოვნების გადახედვის პირობა მიიღეს, დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე მაინც უარი განაცხადეს და მოთხოვნები შეცვალეს. ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელობასთან ახალ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ ისურვეს და ქუჩის საპროტესტო აქციის გამართვის გადაწყვეტილება მიიღეს”, – აცხადებს “ჯორჯიან მანგანეზი”.

როგორც “ნეტგაზეთს” ადგილობრივ პროფკავშირში უთხრეს, გაფიცულია დაახლოებით 150 დასაქმებული, რომლებიც ე.წ. ვახტური რეჟიმით მუშაობდა. პროფკავშირის ინფორმაციით, ისინი ხელფასის გაზრდას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ჭიათურაში მაღაროელების ნაწილი გაიფიცა – პროფკავშირი

მასალების გადაბეჭდვის წესი