რაინეარი, სავარაუდოდ, ქუთაისიდანაც იფრენს და თბილისიდანაც

აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე ადასტურებს, რომ რაინეართან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამასთან, ჩოგოვაძე ამბობს, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე დიდი ალბათობით შემოვა.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმითვე, რაინეარის შემოსვლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელიც სწორედ ამ ტიპის ავიაკომპანიების ფრენებზეა გათვლილი. ჩოგოვაძის ცნობით, ირლანდიურ ავიაკომპანია, ქუთაისის გარდა, დაინტერესებულია თბილსის აეროპორტიდან ფრენების განხორციელებაზე.

“ქუთაისის აეროპორტი ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. პრემიერის უშუალო დავალებით  რამდენიმე თვის წინ მოლაპარაკებების ახალი ეტაპი დავიწყეთ რაინეართან. პირველი შეხვედრა გაიმართა მათ სათავო ოფისში დუბლინში. ამ შეხვედრას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი. შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ ძალიან დიდია ალბათობა იმის, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და საქართველოს ავიაბაზარზე ევროპის ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტიანი კომპანია რაინეარი შემოვა. საუბარი მიდის იმაზე, რომ რაინეარმა ქუთასისა და თბილისის აეროპორტებიდან დაიწყოს ფრენები და ეს მოხდეს 2020 წლიდან. როგორც უკვე ვთქვი, შეთანხმების მიღწევის დიდი შანსი არსებობს”,-განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში გიორგი ჩოგოვაძემ.

გუშინ, 15 მაისს, პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ  რაინეართან ხელშეკრულების გაფორმების საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ავიაკომპანია რეისებს უკვე 2020 წლიდან განახორციელებს.

ქობულიას თქმითვე, კომპანიათან შეთანხმების პროცესი მისი მინისტრად მუშაობის პერიოდში დაიწყო. “რაინეართან ხელშეკრულება გაფორმების სტადიაშია და 2020 წლიდან შეუდგებიან [საქმიანობას].”

2019 წლის თებერვალში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომ “რაინეარი” 2013 წელს თითო მგზავრზე 75-ევროიან სუბსიდირებას ითხოვდა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ ირლანდიურ ავიაკომპანიას კონტრაქტი არ გაუფორმა.

საღირაშვილს არ დაეთანხმა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი, რომელიც ამბობს, რომ “რაინიართან” კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 2 მილიონამდე გაიზრდება.

ჩოგოვაძე ჯერ არ საუბრობს, რა პირობებზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, შესაბამისად, უცნობია, ითხოვს თუ არა თითოეულ მგზავრზე სუბსიდირებას ირლანდიური კომპანია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.