ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში აცხადებენ, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის საკითხი მალე გადაწყდება

6 ნოემბერი, 2014 • • 1264
სომხეთში აცხადებენ, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის საკითხი მალე გადაწყდება

ამის თაობაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა სომხეთის ინტერნეტ-გამოცემა Tert. am-თან ინტერვიუშიასეთი ოპტიმიზმის საფუძვლად მინისტრის მოადგილე ასახელებს “რუსეთის რკინიგზის” ხელმძღვანელის, ვლადიმერ იაკუნინის “დამაიმედებელ განცხადებას” ასეთი შესაძლებლობის თაობაზე.

 

“მოლაპარაკებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. საკითხი უფრო პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ვიდრე  ეკონომიკურს, და აქ ამოცანაა, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება საქართველოსა და აფხაზეთის მთავრობებს შორის,” – განაცხადა არტურ არაქელიანმა.

 

მისი აზრით, საჭირო იქნება “ძალიან აწეწილი მორგვის გახსნა”. სომხეთის ტრანსპორტის სამინისტრო ასევე მონაწილეობს მოლაპარაკების პროცესში და “ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე შევძლებთ ჩვენი ქვეყნის საზოგადოების წინაშე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებით წარვსდგეთ”.

არტურ არაქელიანი, ფოტო: Tert. am
არტურ არაქელიანი, ფოტო: Tert. am

მისივე თქმით, საზღვრის კვეთის კუთხით არსებობს ორი მკვეთრად წინააღმდეგობრივი პოზიცია – საქართველოსა და აფხაზეთის -და ეს ძალიან მტკივნეული საკითხია ორივე მხარისთვის, როგორც საქართველოსთვის, ისე აფხაზეთისთვის.

 

არტურ არაქელიანი შეეხო ასევე იმ სახსრებს, რაც საჭირო იქნება ამ გზის გაშვებისთვის, რომელიც 20 წელზე მეტია აღარ მოქმედებს. თუკი საკითხის პოლიტიკური მხარე გადაწყდება, დაფინანსების პრობლემა არ იქნება, – ამბობს მინისტრის მოადგილე. ამასთან, მან დაამატა, რომ კონკრეტული საპროექტო სამუშაოები ჯერ არ განხორციელებულა, ანუ საბოლოო ფინანსური გათვლები ჯერ არ არსებობს.

 

“კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვავნოთ დადებით პროცესებს, ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ განცხადებებისგან, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი შესაძლებელი იქნება, რამდენადაც ყველა ქვეყნის – სომხეთის, რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები აღნიშნავენ ამ პროექტის მნიშვნელობას,” – განაცხადა არტურ არაქელიანმა.

 

შეგახსენებთ, რომ სომხეთი ბლოკირებულია მეზობელი თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო და ძალიან დაინტერესებული მხარეა ამ პროექტის განხორციელებაში, რადგან მისი განხორციელება მას რუსეთთან პირდაპირი კავშირის შესაძლებლობას მისცემს.

 

სომხეთში მიიჩნევენ, რომ ამ გზის აღდგენით მოგებული დარჩება ყველა მხარე – მნიშვნელოვნად გაიზრდება სატრანზიტო შესაძლებლობები როგორც საქართველოში, ისე აფხაზეთში. თავის მხრივ, რუსეთი მიიღებს პირდაპირ სარკინიგზო კავშირს თავის მოკავშირესთან ევრაზიის საბაჟო კავშირში – სომხეთთან.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


მასალების გადაბეჭდვის წესი