ახალი ამბები

ბორჯომში ხანძრის ლიკვიდირებას ისევ ცდილობენ

16 მაისი, 2019 • 1185
ბორჯომში ხანძრის ლიკვიდირებას ისევ ცდილობენ

ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. როგორც საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, გამთენიისას მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც განაახლა.

უწყების თანახმად, საჰაერო ტექნიკასთან ერთად, 15 მაისს გაჩენილი ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევეა ჩართული. პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში, 3.5 ჰექტარი შეადგინა.

“მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მიმდინარეობდა ტერიტორიის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები. ამ დროისათვის ტყეში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია”, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე  გამოძიება უკვე დაიწყო სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი