ბორჯომის ხეობაში ტყეს ხანძარი გაუჩნდა

ბორჯომის ხეობაში ტყეს ხანძარი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.

ცეცხლი სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩნდა. ამჟამად მეხანძრეები მის ლოკალიზებას ცდილობენ.  ადგილზე იმყოფებიან თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150-მდე მეხანძრე-მაშველი. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.

უწყების ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის შესახებ შეტყობინება დღეს შემოვიდა. ცოცხალი ძალა და საჰაერო ტექნიკა მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ორივე კერასთან მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან