ზუგდიდის საკრებულოსთან დაძაბულობაა

დაძაბულობაა ზუგდიდის საკრებულოსთან, სადაც “გაერთანებული ოპოზიცია” ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატ გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხზე სხდომის ჩანიშვნას ითხოვს.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შენობაში მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი შეუშვეს, შემდეგ კი პოლიციამ კარი ჩაკეტა და პარტიის სხვა ლიდერები, ჟურნალისტების ნაწილთან ერთად, გარეთ დარჩა.

“დაცვის პოლიცია, კრიმპოლი, ყველა აქ არის მობილიზებული. ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, როცა პარლამენტის წევრს საშუალებას არ აძლევენ, საჯარო შენობაში შევიდეს. გვინდოდა განცხადების შეტანა, რომ დანელიას შეუწყდეს უფლებამოსილება. ფურცლის ეშინიათ თუ პარლამენტის წევრების? ეს არის კრიმინალი. ადამიანი პირდაპირ ამბობს, რომ მზად არის დააშინოს, გაიტაცოს მოისყიდოს”, – განაცხადა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ.

ჩანაწერი, რომელზეც თინა ბოკუჩავა საუბრობს, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. კადრებში, სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან გია დანელია ამბობს, რომ მიღებული აქვთ დავალება, არჩევნებში 50%-ზე მეტი ხმის მისაღებად “ნებისმიერი მეთოდით მოისყიდონ ამომრჩეველი, ან დააშინონ, და, თუ საჭირო იქნება, გაიტაცონ კიდეც”.

თავად გია დანელია აცხადებს, რომ კადრებში მისი ხმა არ ისმის და „ფალსიფიცირებულია“.

ჩანაწერის საფუძველზე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.