ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის მიტროპოლია იუწყება, რომ პრორუსული ეკლესიის ლიდერები ახალ ათონში შეიჭრნენ

15 მაისი, 2019 • 3205
აფხაზეთის მიტროპოლია იუწყება, რომ პრორუსული ეკლესიის ლიდერები ახალ ათონში შეიჭრნენ

დღეს, 15 მაისს, ახალი ათონის მონასტერში საგანგებო სხდომა გამართა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს თავმჯდომარემ, არქიმანდრიტმა დოროთემ [დბარი].

განცხადებაში ნათქვამია რომ საგანგებო სხდომის მიზეზია აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის პროვოკაციული ხასიათის მოქმედებები ბესარიონ აპლიაას მეთაურობით.

აქვე წერია, რომ 11 მაისს ახალი ათონის მონასტერს ეწვია აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოხუმისა და ბიჭვინთის ეპარქიის დელეგაცია. შეხვედრის დროს კი ბესარიონ აპლიაამ ულტიმატუმი წამოაყენა, რომ არქიმანდრიტმა დოროთემ “მოსანანიებელი წერილით” უნდა მიმართოს რუსეთის პატრიარქ კირილს ან ახალი-ათონის მონასტერი უნდა დატოვოს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ახალი ათონის მონასტერში აფხაზი მრევლისთვის ერთობლივი ლიტურგიის ჩატარების შეთავაზებაზე დოროთეს მისამართით ემოციური და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები გაახმიანა ბესარიონ აპლიაამ, რის შემედეგაც დოროთიმ შეხვედრა დატოვა.

აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ ახალ ათონში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო და თვითნებურად დაიწყო ღვთისმსახურება.

“ამას ერთი მიზანი აქვს -ათონის მონასტრის ძალადობრივად ხელში ჩაგდება”.

შესაბამისად, განცხადებაში ნათქვამია, რომ მიტროპოლიამ მიიღო გადაწყვეტილება, პროვოკაციული ქმედებების დასრულებამდე მნახველებისთვის დახუროს სიმონ კანანელის მონასტერი.

მიტროპოლია შესაბამის სტრუქტურებსა და აფხაზეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს წესრიგი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის მონასტრის ტერიტორიაზე.

აფხაზეთის საეკლესიო სივრცეში დღეს ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფი მოქმედებს – აფხაზეთის წმინდა სამიტროპოლიო და აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია. პირველი მათგანი მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შესვლასა და კონსტანტინოპოლისგან ქართული ეკლესიის შემადგენლობიდან გასვლას ითხოვს. მეორე მათგანი კი რუსეთთან თანამშრომლობას არჩევს და დე ფაქტო ხელისუფლების მხარდაჭერითაც სარგებლობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი