ახალი ამბები

ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია – სოცმუშაკების პროფკავშირი

15 მაისი, 2019 • 1511
ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია – სოცმუშაკების პროფკავშირი

სოციალური მუშაკების დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ეხმიანება ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, რომელიც 17 მაისს აღინიშნება და ლგბტქ+ თემს ღია მხარდაჭერას უცხადებს.

განცხადებაში წერია, რომ სოციალური მუშაკები კარგად იაზრებენ, ჩაგვრა არ ეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ ერთ ნიშანს/იდენტობას. მათივე თქმით, თანასწორობისთვის ბრძოლის ველს განვრცობა და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება სჭირდება.

“ვთვლით, რომ ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება თუ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც პრობლემურ საკითხებს ხილვადს გახდის, უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა შეცვალონ პოლიტიკა, შეცვალონ კანონი და მრავალი ინსტიტუტისა თუ მომსახურების მოწყობის წესი ისე, რომ უპასუხოს ადამიანის ინდივიდუალურ საჭიროებებს.

 ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ხშირი პრაქტიკიდან ვიცით, რას ნიშნავს იყო უსახლკარო, უპერსპექტივო და ჩაგრული ადამიანი და ასევე ვიცით, რას ნიშნავს იყო უსახლკარო ტრანსგენდერი ადამიანი, რომელსაც საქმე-საქმეზე რომ მიდგეს, თავშესაფარშიც ვერ მოათავსებ, ვინაიდან „ვერ გაურკვევიათ“, სად არის მისი ადგილი -კაცებთან თუ ქალებთან? ვიცით, რას ნიშნავს, როდესაც ჰომოფობიური ნიშნით ძალადობენ მშობლები შვილებზე და შემდგომ ეს ბავშვები დაუსრულებლად იცვლიან ზრუნვის ალტერნატიულ ფორმებს, ვინაიდან არც მიმღები მშობელი, არც სერვისპროვაიდერი არ არის სათანადო ცოდნით, მეთოდოლოგიით და ღირებულებებით აღჭურვილი, რომელიც სწორად უპასუხებს ჰომოფობიური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებებს. ვიცით, რას ნიშნავს ჰომოფობიური ბულინგით გატანჯული ბავშვების ყოველდღიური მძიმე ყოფა, რომელსაც ვერაფრით ეხმარები, რადგან გარემო გაჯერებულია სტერეოტიპული განწყობებით”, – წერენ სოცმუშაკები.

მათივ თქმით,  ყველა სოციალური პრობლემა- იქნება ეს უსახლკარობა, უმუშევრობა თუ ძალადობა- ასმაგად მწვავედ დგება, თუკი ამ პრობლემის წინაშე მყოფი ადამიანი ლგბტქი თემის წევრია.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ლგბტქი ადამიანების ბრძოლას თანასწორობისთვის და ღირსეული ცხოვრებისთვის და მზად ვართ ჩვენი კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმაროთ საჭიროების შემთხვევაში”, – ნათქვამია განცხადებაში.


17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ეს დღე აერთიანებს იმ საერთაშორისო ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ლგბტ უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით და გმობს ძალადობას. 2018 წელს სათემო ორგანიზაციებმა მომატებული საფრთხის გამო 17 მაისს აქციის გამართვაზე უარი თქვეს, თუმცა მოქალაქეების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბა. სათემო ორგანიზაციების მხრიდან საჯარო აქცია, სავარაუდოდ, არც წელს გაიმართება. მიმდინარე წლის 17 მაისს მთავრობის ადმინისტრაციასთან ნაციონალისტური ჯგუფები აპირებენ შეკრებას.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც მრევლის ნაწილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვის უფლება არ მისცა ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველებს.

მრევლის ნაწილმა პოლიციის ბარიერები გადალახა და დაედევნა ლგბტ აქტივისტებს. კონტრაქციის მონაწილეებმა ვაჩნაძის ქუჩაზე მოიმწყვდიეს მიკროავტობუსში მყოფი აქტივისტების ნაწილი და ცდილობდნენ ამ მიკროავტობუსში შეღწევას. მიკროავტობუსმა დიდი წინააღმდეგობის გადალახვის შემდეგ მოახერა ბრბოდან გაღწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი