ახალი ამბები

თბილისში ფიჭვების 90%-ს ვჭრით, რადგან დაავადებულია – კალაძე

15 მაისი, 2019 • 2789
თბილისში ფიჭვების 90%-ს ვჭრით, რადგან დაავადებულია – კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისში ფიჭვების 90%-ს გადამდები დაავადება სჭირს, რის გამოც ეს ხეები უნდა მოიჭრას. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და ფოტოები წარუდგინა საზოგადოებას.

თბილისის მერის თქმით, ქალაქში არსებულ თითქმის ყველა ფიჭვს ქერქის შიგნით სხვადასხვა პარაზიტები – მატლები და ჭიები ჰყავს.

მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ კი განაცხადა, რომ ეს პრობლემა არ დგას მხოლოდ დედაქალაქში და ფიჭვის დაავადება 1990-იანი წლებიდან თითქმის მთელ საქართველოშია გავრცელებული. მისი თქმით, ესპანური კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევით, საქართველოში 1990-იანი წლებიდან ფიჭვების სამკურანლოდ იყენებდნენ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, რაც არასწორი იყო.

“ჩვენი ესპანელი პარტნიორების დასკვნით, ეს პრეპარატები იყო აბსოლუტურად არაეფექტიანი. შესაბამისად, მთლიანად ვცვლით დამოკიდებულებას და, ვფიქრობ, საქართველოსთვის უპრეცედენტო შესყიდვას ვიწყებთ უახლოეს დღეებში, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში მთლიანად ახლებურ მეთოდს დაამკვიდრებს ფიტოსანიტარული ღონისძიებების კუთხით. უკვე დაყოფილია მთელი თბილისის ურბანული გარემო ფიჭვების კუთხით რამდენიმე უბნად. ყველაზე მთავარია ის, რომ ადგილზე განვათავსოთ ფერომონები და ვმართოთ სწორედ ეს დაავადება. არსებულ დაავადებულ ხეებს მთლიანად ამოვიღებთ გარემოდან, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დაავადების გავრცელების მარშრუტი დავადგინოთ, რისი რესურსიც, სამწუხაროდ, არათუ თბილისს, არამედ ქვეყანას არ აქვს. შემოგვაქვს აბოლუტურად ახალი მკურნალობის საშუალებები – ინექციები, რომელიც საქართველოში ჯერ არ გამოყენებულა”, – განაცხადა მაია ბითაძემ.

დედაქალაქის მერის მოადგილის თქმით, ინექციების სამწლიანი შესყიდვის ღონისძიებები ერთხელ და სამუდამოდ მთელ საქართველოში გადაჭრის დაავადებული ფიჭვების პრობლემას. როგორც მაია ბითაძე ამბობს, უკვე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ფიჭვის ხეების ჭრები და  დარგვის ღონისძიებები.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე – გამხმარია ათასობით ხე

მასალების გადაბეჭდვის წესი