ახალი ამბები

ხარებავა მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონიერად დაამტკიცეს

15 მაისი, 2019 • 1505
ხარებავა მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანონიერად დაამტკიცეს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა ეხმაურება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იუსტიციის საბჭოში მის უკანონოდ არჩევის შესახებ.

ხარებავას მოსაზრებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მის წარმდგენ საქველმოქმედო-ჰუმანიტარულ ცენტრ “აფხაზეთს”, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, კონკურსის გამოცხადებამდე უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

“პარლამენტის მიერ გამოცხადებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში წარვადგინე სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელიც აღნიშნულ პერიოდში წარმოებდა სასამართლოში. გარდა ამისა, არსებობს და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ სხვა საქმეებზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებებიც, რომლებიც განხილული იყო სხვადასხვა სასამართლოში და რომელშიც ჩემი წარმდგენი სუბიექტი მონაწილეობდა კანონით გათვალისწინებული წესით”, – აცხადებს ხარებავა.

გარდა ამისა, ხარებავას თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლეგიტიმაციისათვის მთავარი და სრულიად საკმარისია ის გარემოებაც, რომ მისი კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებდა “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მათ შორის, სამუშაო გამოცდილება დაახლოებით 2-ჯერ აღემატებოდა კანონით გათვალისწინებულ შესაბამის ცენზს.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია სხვა არაფერია, თუ არა ჩემი, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლის დისკრედიტაციის, უკანონო ზეგავლენის მოხდენის და მიმდინარე პროცესებისაგან ჩემი ჩამოშორების მცდელობა, რაც არ უნდა შედიოდეს საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის მხარდაჭერის ინტერესებში”, – ნათქვამია ხარებავას განცხადებაში.

კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” პარლამენტის თავმჯდომარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ზაზა ხარებავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. კოალიციის შეფასებით, დოკუმენტების წარდგენის მომენტში ზაზა ხარებავას წარმდგენი ორგანიზაცია ვერ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნას, კერძოდ, არ დასტურდებოდა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთ სფეროდ სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება. კოალიციის თქმით, მართალია, ჰუმანიტარულმა ცენტრმა “აფხაზეთმა” იმის დასტურად, რომ კონკურსის გამოცხადებამდე 2 წლის მანძილზე მისი საქმიანობის ერთ-ერთ სფეროს სასამართლოში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება წარმოადგენდა (რაც კანონის მოთოვნა იყო), გარკვეული დოკუმენტაცია წარადგინა, თუმცა ყველა მათგანში ჰუმანიტარული ცენტრი დავის მხარეს თავად წარადგენს და ორგანიზაცია არცერთ მითითებულ საქმეში სხვა პირის ინტერესებს არ იცავს.

ამავე თემაზე:

დაამტკიცეს თუ არა კანონდარღვევით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზაზა ხარებავა

მასალების გადაბეჭდვის წესი