ახალი ამბები

სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს – ტარიელ ნაკაიძე

15 მაისი, 2019 • 2376
სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს – ტარიელ ნაკაიძე

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს. ამის შესახებ ნაკაიძე განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ “ფსიქიატრიულები, რომ გაუქმდნენ, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“

ვფიქრობთ, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც თითქოსდა თანასწორობის იდეებს უჭერდა მხარს, ეს დამოკიდებულება მკვეთრად დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების ჩამორჩენილად, ნაკლებად ცივილიზებულად მონიშვნას ახდენს.

მის განცხადებაში მითითება “სუნის” თაობაზე ასევე ძალიან შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ჩანდა.

ბატონო მიხეილ, მინდა შეგახსენოთ, რომ ხულოს არა მარტო სამხატვრო გალერეა, არამედ თეატრი, რამდენიმე ქორეოგრაფიული ანსაბლი და მათ შორის საქართველოში ანალოგის არმქონე ქორეოგრაფიული ჯგუფი „ბერმუხა“ჰ ყავს, რომლის წევრები (80 წელს გადაცილებული ბაბუები) თითქმის საუკუნეა საკუთარი ღვაწლით ინახავენ ქართულ ფოლკლორს.

შეგახსენებთ ასევე, ხულოელებმა საუკეთესოდ ვიცით ქართული ენის, კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის ფასი და ის ისტორიულად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამგვარი მითითებები საჯარო პირების მხრიდან ჩვენი ღირსების შელახვას იწვევს.

ბატონო მიხეილ, თქვენ ხულოელებს შეურაცხყოფა მიაყენეთ, თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ ხულოელებს”, – აცხადებს ნაკაიძე.


„ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა,“ – განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამავე შეხვედრაზე, სადაც ის შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებს, ყოფილ თანაპარტიელს „დეგრადირებული დეპუტატი“ უწოდა. შეხვედრა ემიგრანტებთან გერმანიაში, მიუნხენში შედგა.

„…არის ერთი დეგრადირებული ყოფილი დეპუტატი ხულოში, ბოლქვაძე, ჩემი სირცხვილი, რომ ის ჩემი პარტიის წევრი იყო. ვაი, მართლა კახა ბენდუქიძემ რომ თქვა, ანზორ ბოლქვაძე რომ ჩემ გვერდით დაჯდებოდა და მისი სუნი რომ არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემაა, მაგრამ ანზორ ბოლქვაძემ ამას წინათ რაღაცებში თავი გამოიჩინა მორიგი სისულელეებით და ცოლი გაფორმებული ჰყავს ხულოს სამხატვრო გალერეის თანამშრომლად. ხულოს სამხატვრო გალერეა… ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ, ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“ – კითხულობს მიხეილ სააკაშვილი. მის ამ განცხადებას აუდიტორიაში სიცილი მოჰყვა.

ანზორ ბოლქვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს ცოლის სასტუმროს დატოვება ხულოში 7 მაისს მოსთხოვა. ამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.  ანზორ ბოლქვაძემ დაგვიდასტურა, რომ მისი ცოლი ნამდვილად მუშაობს ხულოს სამხატვრო გალერეაში, ეს საქველმოქმედო საქმეა და მისი ცოლის ანაზღაურება მხოლოდ 220 ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი