ახალი ამბები

სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია მართებული არაა – ჭოხონელიძე

14 მაისი, 2019 • 3726
სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია მართებული არაა – ჭოხონელიძე

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე მიიჩნევს, რომ ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნის 17 მაისს დამთხვევა, რომელიც ჰომოფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეა, ეკლესიის პოლიტიკაა. როგორც მან ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა, მისთვის მიუღებელია იმ ღონისძიებაში მონაწილეობა, რომლის ირგვლივაც ქვეყანაში დაპირისპირების მარცვალი არსებობს.

“17 მაისი უფრო ადრე გაჟღერდა იმ ხალხის მიერ, ვინც ეს დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა.  სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა იყოს მართებული და ლამაზი. არც უფალს უთქვამს, შენ ვინც არ მოგწონს, ჩაქოლეო, მან სხვადასხვანაირი ადამიანები გააჩინა დედამიწაზე”, – განაცხადა ჭოხონელიძემ.

მისივე თქმით, გულუბრყვილო უნდა იყოს ადამიანი, ჩათვალოს, რომ 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე შემთხვევით დაამთხვია საპატრიარქომ. მისი თქმით, ის ილია მეორის მოწინააღმდეგე არ არის. ჭოხონელიძე თვლის, რომ ოჯახის ინსტიტუტს საქართველოში საფრთხე არ ემუქრება და თუ ეს საფრთხე დადგება, ის თავს შეაკლავს.

“დაპირისპირებას რაც შეეხება, ეს არ არის რელიგიური მხრიდან გაკეთებული, ეს საპატრიარქოს პოლიტიკაა და 2013 წელს დამტკიცდა. როცა რუსთაველზე ხალხი შეიკრიება ჰომოფობიასთან ბრძოლისთვის, მე მაშინ მახსოვს, რომ საპატრიარქო განზე არ იდგა. მახსენდება მეუფე იაკობი, რომელიც სახელმწიფოს მიმართულებით გზავნიდა მესიჯებს, რომ ბევრ ხალხს გამოვიყვანთო”.

მისივე თქმით, 2013 წლის 17 მაისს ადგილი ჰქონდა ძალადობას. “მე, როგორც ქალმა, როგორც დედამ, ეს შეიძლება მოვიწონო?!”

“ქრისტიანობას არ განსაზღვრავს ის, რამდენად არის ჩართული ადამიანი ეკლესიის პოლიტიკაში. რატომ ვარ ვალდებული, რომ ეკლესიის პოლიტიკას გავყვე ბრმად?”, – ამბობს ჭოხონელიძე და დასძენს, რომ პატრიარქს, რომელსაც ძალიან დიდ პატივს სცემს, ბრმად გამყოლი ხალხი არ უყვარს.

17 მაისს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ “ოჯახის სიწმინდის დღესთან” დაკავშირებით გალა-კონცერტის გამართვა იგეგმება. კონცერტის ორგანიზატორი საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნია”. მოძრაობა ამბობდა, რომ კონცერტში მონაწილეობას, “სუხიშვილებთან” ერთად, ნინო ქათამაძეც მიიღებდა. თუმცა, ამ უკანასკნელმა ეს უარყო.

ამავე თემაზე

ნინო ლომჯარიას ღია მიმართვა მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს

ნინო ლომჯარიას ღია მიმართვა მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს

მასალების გადაბეჭდვის წესი