ახალი ამბები

ბაქოში შედგა შეხვედრა საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე

14 მაისი, 2019 • 804
ბაქოში შედგა შეხვედრა საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე

14 მაისს ბაქოში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვს შორის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები.

“აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელ მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ორი ქვეყნის სამთავრობო კომისიების ოფიციალური სხდომა ჩატარება შემდეგ კვირას. ორი ქვეყნის წარმომდგენლებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მიუღებელია საკითხის ირგვლის ნებისმიერი სახის პროვოკაციები.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობისას იხელმძღვანელებენ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებით, ხოლო დავითგარეჯის კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ზოლის პრობლემატიკას დაუბრუნდებიან შემდეგ შეხვედრაზე. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მოლაპარაკებების კონსტრუქციული მიდგომით წარმართვაზე და ხაზი გაუსვეს სამუშაო პროცესში ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინების აუცილებლობას”, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი