ახალი ამბები

ალასანიას თქმით, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია დატოვეს

5 ნოემბერი, 2014 • • 1509
ალასანიას თქმით, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია დატოვეს

“ჩვენ გვინდოდა, რომ გამოგვსვლოდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად მოლაპარაკება, მაგრამ ძალიან ცივილურად დავშორდით, კოალიციაში აღარ იქნება “თავისუფალი დემოკრატები. რაც შეეხება დისკუსიებს, ის რეალურად ვერ შედგა, აქ მე სასაუბროდ არ მოვსულვარ ბიძინა ივანიშვილთან”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

კითხვაზე – ესწრება თუ არა პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილი, “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ზურაბ აბაშიძემ უპახუხა, რომ ეს კოალიცია “ქართულ ოცნებას” უნდა კითხონ. დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი კოალიციის დღევანდელ სხდომას ესწრება. დეპუტატ ნინო გოგუაძის თქმით, ისინი დღევანდელ სხდომაზე მივიდნენ კოალიციასთან დასამშვიდობებლად და თანამებრძოლებისთვის მადლობის სათქმელად.

 

ზურაბ აბაშიძის თქმით, “თავისუფალი დემოკრტატების” წევრები პარლამენტში თავის თანამდებობებზე რჩებიან, სახელწიფოს მიმართ საბოტაჟად რომ არ ჩაეთვალოთ. მისივე თქმით, ისინი 8 ნოემბერს მოიწვევენ პარტიის ყრილობას, სადაც სამომავლო გეგმებს დასახავენ.

 

კოალიცია “ქართული ოცნება” 2012 წლის 21 თებერვალს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე ღიად გამოვიდა ბიძინა ივანიშვილი, დააფუძნა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ, ესენია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”.

 

საქართველოს პარლამენტში “თავისუფალ დემოკრატებს” აქვთ 10-წევრიანი ფრაქცია, რომლის შემადგენლობაში შედიან დეპუტატები: ვიქტორ დოლიძე, დავით ონოფრიშვილი, ზურაბ აბაშიძე, ირაკლი ჩიქოვანი, ნინო გოგუაძე, გედევან ფოფხაძე, თამაზ ჯაფარიძე, გიორგი ცაგარეიშვილი, გელა სამხარაული, თამაზ შიოშვილი. სამი მათგანი არის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, კერძოდ, დოლიძე ხელმძღვანელობს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, ცაგარეიშვილი – გარემოს დაცვის კომიტეტს, ხოლო ონოფრიშვილი – საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტს.

 

პარლამენტის უმრავლესობა ამ დროისთვის შედგება 83 დეპუტატისგან, ხოლო მას შემდეგ, რაც მათ რიგებს გამოაკლდება “თავისუფალი დემოკრატიის” ფრაქცია, პარლამენტში უმრავლესობა აღარ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი