ახალი ამბები

სამინისტროში ჯერ არ იციან, რამდენი დაიხარჯება მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდაზე

14 მაისი, 2019 • 2268
სამინისტროში ჯერ არ იციან, რამდენი დაიხარჯება მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდაზე

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის თქმით, ჯერ არ იციან, ბიუჯეტიდან რამდენი დაიხარჯება მასწავლებელთა ნაწილისთვის ხელფასის ზრდაზე. ასევე უცნობია, რამდენით გაიზრდება სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელთა და დირექტორების ხელფასები. 

“სახელფასო მატება 13 მაისს დააანონსდა. შესაბამისად, ამ თვის ბოლომდე მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართავს. უკვე ზაფხულში განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რაც სამინისტროს ბიუჯეტში აისახება. რამდენით გაიზრდება სკოლის ადმინისტრაციისა და დირექტორების ხელფასი, ამაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან სკოლების მიხედვით მათი ხელფასი განსხვავებულია და მათ ხელფასებს განსაზღვრავს ის, თუ რამდენი მოსწავლე ჰყავთ. ვვარაუდობთ, რომ ზარდა, საშუალოდ, ხელფასის 20% იქნება,” – ამბობს აბულაძე.

„განათლების კომპლექსური რეფორმის” ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, ამ კატეგორიის მასწავლებლები გაზრდილ ხელფასს მხოლოდ სრული დატვირთვის შემთხვევაში მიიღებენ, რაც საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელის შემთხვევაში 15 საათია, ხოლო დაწყებითი საფეხურის მასწავლებლს 13 საათი უნდა ჰქონდეს. ამასთან, გაზრდილი ხელფასი, ამ შემთხვევაში 150 ლარი, 20%-ით დაიბეგრება.

ხელფასის ზრდა არ შეეხებათ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომელთა ოდენობაც, ირინა ამბულაძის ინფორმაციით, 33 ათასია. სამინისტროში აცხადებენ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც 2019 წლის ზაფხულში  დაადასტურებენ მინიმალურ კომპეტენციას და აიმაღლებენ სტატუსს, ასევე მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას ახალი სასწავლო წლის დადგომისას, 2019 წლის სექტემბრიდან.

ნეტგაზეთის კითხვაზე, მასწავლებელთა რამდენი პროცენტი აიღებს გაზრდილ ხელფასს 2019 წლის სექტემბერში, ირინა აბულაძე პასუხობს, რომ ამ ეტაპზე ამას ვერ იტყვის, რადგან ეს დაკავშირებულია საათების განაწილებასთან, რომელსაც თითოეული სკოლა დამოუკიდებლად აკეთებს და სექტემბერში რა მოცემულობა იქნება, ჯერ არ იციან.

13 მაისს საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „განათლების კომპლექსური რეფორმის“ ეტაპებზე ისაუბრა.  მან ამ საკითხზე საგანგებო ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ სკოლებში სწავლების ხარისხის გაზრდის მიზნით, განათლების სამინისტრო ზოგადი განათლების მიმართულებით ცვლილებების შემდეგ ეტაპს იწყებს.

„რეფორმის ფარგლებში, 2019 წლის სექტემბრიდან, უფროსის, წამყვანის ან მენტორის სტატუსის მქონე ყველა მასწავლებელს ანაზღაურება 150 ლარით და მეტით გაეზრდება. ხელფასის ზრდა ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ანაზღაურება 1500 ლარს და მეტს გაუტოლდება.

ბატიაშვილის განცხადებით, საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, მათი ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით).

საპენსიო ასაკის პრაქტიკოს მასწავლებელს სახელწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მიღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა 2019 წლის განმავლობაში რამდენიმე შემთხვევაში ექნება:

  • თუ მასწავლებელს არ აქვს მინიმალური კომპეტენციის დადასტურების სურვილი, ამის შესახებ უნდა განაცხადოს 2019 წლის მაისის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელი ვერ დააკმაყოფილებს მინიმალურ კომპეტენციას, ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ უნდა გვაცნობოს 2019 წლის ბოლომდე;
  • თუ მასწავლებელს არ აქვს სურვილი ან ვერ დაადასტურებს მინიმალურ კომპეტენციას განმეორებითი მცდელობისას, ან თუ მასწავლებელს აქვს მინიმალური კომპეტენცია დადასტურებული, მაგრამ არ სურს, რომ აიმაღლოს სტატუსი – ჯილდოს მიღების სურვილის შესახებ 2019 წლის ბოლომდე უნდა განაცხადოს.
  • სახელმწიფო ჯილდოს გაცემა დაიწყება არაუგვიანეს 2019 წლის სექტემბრისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი