ახალი ამბები

WhatsApp მომხმარებლებს თავის დასაცავად აპლიკაციის განახლებისკენ მოუწოდებს

14 მაისი, 2019 • 994
WhatsApp მომხმარებლებს თავის დასაცავად აპლიკაციის განახლებისკენ მოუწოდებს

WhatsApp-ის ხარვეზი გარეშე პირებს შესაძლებლობას აძლევდა, მომხმარებლის ტელეფონში ჯაშუშური პროგრამა დაეყენებინათ. შემდეგ კი, ამ პროგრამის საშუალებით გაეკონტოლებინათ მოწყობილობის კამერა, მიკროფონი, მიმოწერა და ტელეფონის მფლობელის გადაადგილებაც კი.

როგორც The Verge წერს, ვირუსული პროგრამა ისრაელში მოქმედმა კომპანიამ შექმნა, რომელიც ციფრული დაზვერვის მიმართულებით მუშაობს. გამოცემა წერს, რომ სათვალთვალო პროგრამის დაყენება დისტანციურად იყო შესაძლებელი და სამიზნის მიერ შემომავალ ზარზე დათანხმებაც კი არ იყო საჭირო.

ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ WhatsApp საკუთარი 1.5 მილიარდ მომხმარებელს მთელ მსოფლიოში მოუწოდებს, დაუყოვნებლივ განაახლონ აპლიკაცია, რათა ხარვეზი აღმოიფხვრას:

The Verge-ის თქმით, აღნიშნული ხარვეზი მაისის დასაწყისში აღმოჩინეს, როდესაც აღნიშნული კომპანიის სამიზნე ადამიანის უფლებათა მიმართულებით მომუშავე ბრიტანელი იურისტი გახდა. მაშინ თავდასხმის აღკვეთა კომპანიამ შეძლო და გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რამდენი ადამიანი გახდა ამ ხარვეზის მსხვერპლი.

გამოცემა წერს, რომ ისრაელში მოქმედი კომპანია, რომელსაც აღნიშნული პროგრამის შექმნას მიაწერენ, აცხადებს, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან თანამშრომლობენ და მათ ტერორიზმსა და დანაშაულთან ბრძოლაში ეხმარებიან.

თუმცა, როგორც The Verge აღნიშნავს, ამის მიუხედავად, კომპანიას ადანაშაულებენ ისეთ ქვეყნებთან და მთავრობებთან თანამშრომლობაში, რომელთა პოლიტიკაც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით კითხვის ნიშნებს აჩენს.

გამოცემის ცნობით, ჯაშუშური პროგრამა, სავარაუდოდ, 45-მდე ქვეყანაში იყო გავრცელებული და მას იყენებდნენ ხელისუფლების ოპონენტების, ჟურნალისტებისა და მოქალაქეების დევნისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი